სახელმწიფო ბოლომდე ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც ზრუნვა არის მაქსიმალური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
"მე მაქვს ასევე კონკრეტულად ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გამოკვლევები ჩატარდა, ყველაფერი არის ნორმის ფარგლებში. რა თქმა უნდა, გაგრძელდება დაკვირვება და ზრუნვა ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე, მათ შორის კონკრეტულად ამ პატიმრის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზე. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. აქაც განვსხვავდებით ჩვენ იმ ხელისუფლებისგან, რომელიც არათუ არ ზრუნავდა პატიმრების ჯანმრთელობაზე, პირიქით, ყველაფერს აკეთებდა პატიმრების ჯანმრთელობის გაუარესებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, ბათუმის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილი ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა
მზია ამაღლობელს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი დგებუაძემ განაცხადა: "ყველა პირი, რომელიც დაკავდა ადმინისტრაციული წესით, არის დაკავებული სამართალდარღვევისთვის. კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ სასამართლოში და იქ იმსჯელებს მოსამართლე, არაკანონიერად დავაკავეთ თუ კანონიერად. მზია ამაღლობელის დაკავების კადრები არსებობს რომელსაც თუ ნახავთ, თქვენ თავად გასცემთ ამ კითხვას პასუხს. ახლა კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემ მიმართ იყო მისი მხრიდან თავდასხმა, დანარჩენს სასამართლოში გავარკვევთ".
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს.