მშვიდობის შენარჩუნება, სათანადო პოლიტიკა და ხედვა, რომელიც აქვს ჩვენს მთავრობას, გახდა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც უბიძგა ჩვენს მეგობრებს გაერთიანებულ საამიროებში, ასეთი მასშტაბური ინვესტიცია განხორციელებულიყო ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, მშვიდობის გარეშე შეუძლებელია, ვინმემ იფიქროს რაიმე საქართველოში ეკონომიკურ აქტივობაზე.

„მშვიდობის საკითხი არის თემა, რაზეც აქტიურად გვქონდა საუბარი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში როგორც ხელისუფლების ლიდერებთან, ასევე კომპანიების ხელმძღვანელებთან. ისინი ძალიან აფასებენ ჩვენს პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაზე. ძალიან აფასებენ იმ მიღწევას, რომელიც გვაქვს, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მშვიდობის გარეშე შეუძლებელია, ვინმემ იფიქროს რაიმე ეკონომიკურ აქტივობაზე ჩვენს ქვეყანაში. მშვიდობის შენარჩუნება და სათანადო პოლიტიკა, ხედვა, რომელიც აქვს ჩვენს მთავრობას, გახდა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც უბიძგა ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ქვეყანაში ასეთი მასშტაბური ინვესტიცია განხორციელებულიყო“, – განაცხადა პრემიერმა.