ოღონდ 2-3% დაემატოთ და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მზად არის გახდეს „პრორუსული“, - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ კითხვას რუსეთისთვის სანქციებთან დაკავშირებით ოპოზიციის რიტორიკის შეცვლის შესახებ და  გაიხსენა ის განცხადებები, რომლებსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ამ თემაზე 2022 წელს აკეთებდნენ.

„გახსოვთ, რა მომენტში გამოგვაცხადეს პრორუსულ ძალად - ეს იყო 2022 წლის თებერვლის ბოლო - მარტის დასაწყისი და ამ შეფასების საბაბი გახდა ჩვენი ორი გადაწყვეტილება: ერთი იყო ის, რომ სანქციები არ დავუწესეთ რუსეთის ფედერაციას და ამ გადაწყვეტილების ახსნა არაერთხელ მოისმინეთ და მეორე იყო ის, რომ უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები. ამ ორი გადაწყვეტილების გამო „ქართული ოცნება“ გამოცხადდა პრორუსულ პოლიტიკურ ძალად.

მოგვიანებით, უკრაინის ხელისუფლებამ ამ ორი კონკრეტული მიზეზით გაიწვია ელჩი საქართველოდან და ესეც გახდა ოპოზიციის უკიდურესი შეშფოთების საგანი. მაშინ არავის უთქვამს, რომ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო უსამართლო. პირიქით, ყველამ მხარი დაუჭირა უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც იყო მიმართული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

თანამედროვე ტექნოლოგიები არსებობს, არსებობს არქივები, ყველაფერი ინახება - როგორ უჭერდნენ ისინი მხარს სანქციების დაწესებას და, შესაბამისად, ქართული ეკონომიკის ჩამოქცევას, როგორ ითხოვდნენ უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას. აქედან გამომდინარე, მათი ყალბი რიტორიკა ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაიყიდება. ქართულ საზოგადოებას ყველაფერი ახსოვს, ყველაფერი ახსოვს არქივს. აქედან გამომდინარე, ეს სიყალბე ვერ იქნება წარმატებული“, - განაცხადა კობახიძემ.