მთავარია, რომ „ნაცმოძრაობის“ მიერ დაკარგული რეიტინგი არ განაწილდეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“, როგორიც არის, მაგალითად, „ლელო“, „გირჩი“, გახარია და ა.შ., - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენების შეფასებისას ისაუბრა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის სწრაფი კლება იმ პროცესებითაა განპირობებული, რაც პარტიის შიგნით მიმდინარეობს. კობახიძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაკარგული რეიტინგი ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებზე გადანაწილდეს
„ყველა ხედავს, რომ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი სწრაფი ტემპით იკლებს. თუ მათ არჩევნებში 2021 წელს მიიღეს დაახლოებით 30 პროცენტი, ახლა მათი რეიტინგი არის 20 პროცენტზე ნაკლები და სწრაფი ტემპით კიდევ უფრო მეტად იკლებს, რაც ბუნებრივია, იმ პროცესების ლოგიკური შედეგია, რომლებიც წარიმართება „ნაცმოძრაობაში“. მთავარია, რომ „ნაცმოძრაობის“ მიერ დაკარგული რეიტინგი არ განაწილდეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“, როგორიც არის, მაგალითად, „ლელო“, „გირჩი“, გახარია და ა.შ. მთავარია, „ნაცმოძრაობის“ მიერ დაკარგული რეიტინგი განაწილდეს ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებზე, რასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, საზოგადოებას მართებს განსაკუთრებული ყურადღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.