ყველას შეუძლია, დააკვირდეს არჩევნებს, ეს მისასალმებელია. რაც მეტი დამკვირვებელი ჩამოვა საქართველოში, მით უკეთესი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჟურნალისტებმა კობახიძეს კითხვით მიმართეს, რა კომენტარს გააკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რომ სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას აპირებენ და ამ მოთხოვნით სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართეს.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში არჩევნები ჩატარდება გამართულად, ისე, როგორც ეს ეკადრება ქართულ დემოკრატიას.
„გახსოვთ, რა მოხდა 2020 წელს? სათანადო დაკვირვება იყო უზრუნველყოფილი ამ არჩევნებზე. იყო ეუთო-ს, ევროსაბჭოს მისია, ენდიაის, IRI-ის მისია და ასე შემდეგ. არაერთი მისია იყო, რომელიც აკვირდებოდა არჩევნებს. საბოლოო ჯამში, სწორედ ეუთო-მ, რომელიც იყო მთავარი სადამკვირვებლო მისია, დაადგინა, რომ არჩევნები ჩატარდა სათანადოდ. პირდაპირ ტერმინები იყო გამოყენებული, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და თავისუფალი. ეს დაადგინა ეუთო-ს მისიამ. რაც შეეხება მცდელობებს, ეს არჩევნები წარმოჩენილიყო გაყალბებულად, შეგახსენებთ, რომ გაყალბდა პარალელური ხმის დთვლის შედეგები (პივიტი). წარმოებული იყო ყალბი კამპანია, სადაც საუბრობდნენ, თითქოს რვა პროცენტი იყო მეტობა ოქმებში, რაც ტყული იყო. სინამდვილეში, ერთი პროცენტიც არ იყო. არსებობდა ყალბი კამპანია, თითქოს დაგვიანებით გამოქვეყნდა არჩევნების შედეგები ცესკო-ს მიერ და ასე შემდეგ. ამ ყალბ კამპანიას აწარმოებდნენ უცხოელი აგენტები, მათ შორის პარალელური ხმის დთვლის შედეგების გაყალბებაც უცხოელი აგენტების მხრიდან მოხდა. ამით სცადეს, რაღაცნაირად არეულობა შემოეტანათ ქვეყანაში, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს ერთი მარტივი მიზეზის გამო – სინამდვილეში, არჩევნები არ იყო გაყალბებული. ყველას შეუძლია, დააკვირდეს არჩევნებს, პირიქით, მისასალმებელია. რაც მეტი დამკვირვებელი ჩამოვა საქართველოში, მით უკეთესი. არჩევნები ჩატარდება გამართულად, ისე, როგორც ეს ეკადრება ქართულ დემოკრატიას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარტიის ლიდერს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა იმ ფაქტს, რომ სენატორები, ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში მთავრობის მხრიდან დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ.
„ეს ორი სენატორი 2012 წლამდე იყო ბედნიერი საქართველოში დემოკრატიული პროგრესით. ესენი იყვნენ სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მეგობრები. სამწუხაროდ, ისინი იწონებდნენ იმ სისხლიან რეჟიმს, რომელიც იყო ჩამოყალიბებული საქართველოში 2012 წლამდე. რა თქმა უნდა, ამ ფონზე, შეიძლება, არ გაგვიკვირდეს, რომ დღეს ისინი ჩვენს დემოკრატიულ მდგომარეობას უწოდებენ უკუსვლას ყოველგვარი ფაქტისა და მტკიცებულების გარეშე. აშკარად პოლიტიკური მიკერძოებაა. ეს მათი არჩევანია, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ სენატორს, მათ შორის მათი პოლიტიკური მიკერძოების გათვალისწინებით, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ჩვენთვის ასეთი პოლიტიკური მიკერძოება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.