კოლეგებმა რადიკალური ოპოზიციიდან ლიბერალური ფაშიზმის მეთოდები გამოიყენეს და უხეშად ხელყვეს თავისუფალი მანდატის პრინციპი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა და განმარტა, რომ ძალიან ხანმოკლე იქნება მათი ეს წარმატება.
„მოხარული ვართ, რომ უკვე აირჩა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აირჩა სამი წევრი და მათ დააგროვეს 90-ზე მეტი ხმა. ჩვენ გვქონდა მსგავსი ტიპის მოცემულობა სახალხო დამცველის არჩევის დროს და მოგეხსენებათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობდა ლევან იოსელიანის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, კომპეტენციასთან, მიუკერძოებლობასთან, ამის მიუხედავად, არათუ არ დაუჭირა რადიკალურმა ოპოზიციამ ხმარი იოსელიანის კანდიდატურას, პირიქით, წარმოებდა ბულინგი ოპოზიციიდან იმ ქალი დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებმაც დაუჭირეს მხარი ლევან იოსელიანის კანდიდატურას. მიზეზი იყო ის, რომ რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის არმისაღებად. დღესაც ამის გამოვლინება იყო, ეს იყო მორიგი ტესტი.
მადლობას გადავუხდი, სახელების დასახელების გარეშე, იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შესაბამის კანდიდატურებს, მხარი დაუჭირეს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი. გაგრძელდება პროცედურა და იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, მოვახერხებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთივე წევრის არჩევას.
დღეს ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა რადიკალური ოპოზიციიდან ლიბერალური ფაშიზმის მეთოდები გამოიყენეს და მათ უხეშად ხელყვეს ის პრინციპი, რასაც ჰქვია თავისუფალი მანდატის პრინციპი. ისინი უხეშად წავიდნენ კანდიდატის სტატუსის, კონსტიტუციური პრინციპების წინააღმდეგ, თუმცა ეს ყველაფერი არის ძალიან ხანმოკლე, როგორც ლიბერალური ფაშიზმის მეთოდები არის ხანმოკლე წარმატებით დასახასიათებელი, ასევე იგივე შეეხება იმ მეთოდებს, რომლებიც მათ დღეს გამოიყენეს სხდომათა დარბაზში. ძალიან ხანმოკლე იქნება მათი ეს წარმატება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.