ჩვენი მხრიდან „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსის დატოვებას, არსებითად, ორი მიზეზი ჰქონდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„ერთი, ეს იყო უსამართლობა, რასაც მუდმივად ვხედავდით „ევროპის სოციალისტური პარტიის“ წარმომადგენლების მხრიდან და ამაზე არ იყო არავითარი რეაგირება, მათ შორის, არც ლიდერების მხრიდან, რაც სამწუხარო მოვლენა იყო. თანდათანობით იზრდებოდა იმ ევროპარლამენტართა რაოდენობა, რომლებიც მხარს უჭერდნენ აბსურდულ რეზოლუციებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, სადაც ითხოვდნენ კეზერაშვილის აღიარებას მედიამფლობელად და დევნილად, ითხოვდნენ სააკაშვილისა და გვარამიას, პრაქტიკულად, თითქმის პოლიტპატიმრებად აღიარებას და ითხოვდნენ ბიძინა ივანიშვილის დასჯას. ჯერ დაახლოებით 10 პროცენტი იყო „სოციალისტებიდან“ ევროპარლამენტარების რაოდენობა, რომლებიც მხარს უჭერდნენ ამ რეზოლუციებს, შემდეგ კი გაიზარდა დაახლოებით 20-30 პროცენტამდე და ეს იყო უსამართლობა, რაც რეაგირების გარეშე რჩებოდა მათი ხელმძღვანელობის მხრიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე გვჭირდებოდა რეაგირება; და მეორე, ეს იყო იდეოლოგია. აქ ერთი რამ უნდა ითქვას – მათ შორის, როდესაც საუბარია მემარცხენეობასა და მემარჯვენეობაზე, ამას აქვს თავისი კლასიკური გაგება, მაგრამ დღეს რასაც ვხედავდით „ევროპის სოციალისტურ პარტიაში“, ეს იყო ძალიან სწრაფი ტემპით დაშორება კლასიკური მემარცხენე იდეოლოგიიდან და გადასვლა ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიაზე, რომელსაც, სინამდვილეში, არც მემარცხენეობასთან აქვს კავშირი, არც მემარჯვენეობასთან და არც არაფერთან. ეს იყო ის ტენდენცია, რომელიც ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდებოდა ამ პარტიაში და ყრილობიდან ყრილობამდე ეს სულ უფრო თვალსაჩინო ხდებოდა. ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის, არამედ ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელია ფსევდოლიბერალური იდეოლოგია და ეს იყო მეორე მიზეზი, რატომაც ამ გაერთიანების დატოვების გადაწყვეტილება მივიღეთ“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია, ფსევდოლიბერალიზმს არ მისდევდეს არცერთი ის ევროპული პოლიტიკური ჯგუფი, რომელშიც პარტია, შეიძლება, გაწევრიანდეს.
„ფსევდოლიბერალური ორიენტაცია მემარჯვენე პარტიებშიც არანაკლები ტემპით ძლიერდება, თუმცა აქ მემარჯვენე-მემარცხენეზე არ არის საუბარი. ჩვენთვის ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ ფსევდოლიბერალიზმს არ უნდა მისდევდეს არცერთი ის ევროპული პოლიტიკური ჯგუფი, რომელშიც ჩვენ, შეიძლება, გავწევრიანდეთ“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ფსევდოლიბერალებისთვის მიუღებელია კატეგორიები – ღმერთი, სამშობლო, ოჯახი ან მამული, ენა, სარწმუნოება.
„მე გეტყვით, მაგალითი რომ მოვიყვანოთ, რატომ დადგა ჩვენთან ურთიერთობის გადახედვის საკითხი „ევროპის სოციალისტურ პარტიაში“. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, რომლის სახელწოდება იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“. ამის მიღმა აქ არაფერზე არ იყო საუბარი, რაც ვიღაცისთვის შეიძლება, მიუღებელი ყოფილიყო, მაგრამ ფსევდოლიბერალებისთვის სწორედ ეს კატეგორიებია მიუღებელი, ანუ, ღმერთი, სამშობლო და ოჯახი. როცა ეს სიტყვები გამოგაქვს წინა პლანზე, მათთვის ეს მიუღებელია. კლასიკურ ლიბერალიზმზე როცა ვსაუბრობთ, ილია ჭავჭავაძეც მიიჩნევა კლასიკური ლიბერალური იდეოლოგიის წარმომადგენლად. ის ქადაგებდა კლასიკურ ლიბერალურ იდეებს, მაგრამ მას ეკუთვნის ჩვენი იდენტობის კონცეფცია – მამული, ენა, სარწმუნოება. დღეს რომ გახვიდე „ევროპის სოციალისტური პარტიის“, ან რომელიმე მემარჯვენე, თუ მსგავსი პარტიის ყრილობაზე, ყველაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ მათ ძირითად ნაწილზე, და ეს სიტყვები ახსენო – მამული, ენა და სარწმუნოება ან ღმერთი, სამშობლო და ოჯახი, იქ, ჩვეულებრივ, კეთროვნად ჩაგთვლიან. აი, სწორედ ეს არის ფსევდოლიბერალიზმი და ამ დღევანდელ ფსევდოლიბერალიზმს კავშირი არ აქვს ილია ჭავჭავაძესთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.