გუდაურში იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. მათ შორის შედის სასრიალო ტრასების ხელოვნური გათოვლიანების სისტემით აღჭურვა. შესაბამისი ტრასების ჯამური სიგრძე შეადგენს 7500 მეტრს. ასევე, სნოუპარკის არეალში დაგეგმილია ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგიროს მონტაჟი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ასევე დაგეგმილია ახალი „გუდაურას“ ტრასის აღჭურვა ღამის განათებით.
„ცალკე გამოვყოფ გუდაურის თემას, სადაც აქტიურად ვემზადებით მომდევნო ზამთრის სეზონისთვის. ამ სეზონისთვის გუდაურში იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. მათ შორის შედის სასრიალო ტრასების ხელოვნური გათოვლიანების სისტემით აღჭურვა.
შესაბამისი ტრასების ჯამური სიგრძე შეადგენს 7500 მეტრს. ასევე, სნოუპარკის არეალში დაგეგმილია ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგიროს მონტაჟი. საერთო სიგრძე არის 1400 მეტრი. ასევე, დაგეგმილია ბავშვებისთვის 200 მეტრი სიგრძის გადახურული მოძრავი ხალიჩის მონტაჟი. ამასთან ერთად, დაგეგმილი გვაქვს ორი ახალი სასრიალო ტრასის მოწყობა. საერთო სიგრძე არის 6 კილომეტრი. ასევე დაგეგმილია ახალი „გუდაურას“ ტრასის აღჭურვა ღამის განათებით. ეს ყველაფერი დაგეგმილია მომდევნო ზამთრის სეზონისთვის. შესაბამისი სამუშაოები დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს“, - განაცხადა პრემიერმა.









