როდესაც პრეზიდენტი საერთოდ უგულებელყოფს კონსტიტუციას, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორების თვალში ცუდად გამოჩნდება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დასავლელი პარტნიორები რა თქმა უნდა, უხერხულ მდგომარეობაში არიან პრეზიდენტის ამ ქმედებების [ვიზიტების] გამო. სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი უხერხულობაში აგდებს ჩვენს საერთო პარტნიორებს. ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნები და რა თქმა უნდა, ყველამ უნდა იმოქმედოს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის პატივისცემით. როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, ეს დამაბნეველია ჩვენი პარტნიორებისთვის როგორც მაგალითად დამაბნეველი იყო პოლონეთის, ჩინეთის და სხვა ქვეყნების შემთხვევებში. ბუნებრივია, დამაბნეველია როდესაც პრეზიდენტი უხეშად არღვევს კონსტიტუციას. შავით თეთრზე წერია, რომ მთავრობა არის პასუხისმგებელი საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე და მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია პრეზიდენტს ვიზიტი განახორციელოს, ეს რა თქმა უნდა, არის დამაბნეველი და ეს ქმნის უხერხულობას ჩვენი ქვეყნისთვის. მან ფიცი დადო კონსტიტუციაზე, რომელსაც უხეშად არღვევს დღეს. ეს რა თქმა უნდა ცუდად წარმოჩნდება საერთაშორისო დონეზე. კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე როდესაცაა საუბარი, პასუხისმგებლობა ენიჭება მთავრობას, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების კონსტიტუციურ ორგანოს. აქედან გამომდინარე, მთავრობას აქვს უფლება, ისაუბროს თავის გზავნილებით და სხვას არ მისცეს საპირისპირო გზავნილების გაჟღერების საშუალება. ასეთ დროს, როდესაც პრეზიდენტი საერთოდ უგულებელყოფს კონსტიტუციას, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორების თვალში ცუდად გამოჩნდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.