პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირების ერთი თეორიული მექანიზმი იმპიჩმენტია, თუმცა მას 100 ხმა სჭირდება და ზურაბიშვილს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი აქვს.
„რაც შეეხება რეაგირებას, რეაგირების ერთი თეორიული მექანიზმი არის იმპიჩმენტი. ჩვენ რომ წავიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლო ძალიან მარტივად დაადგენს, რომ აქ პირდაპირ ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, ტექსტობრივი ინტერპრეტაციის საფუძველზე ძალიან მარტივად დადგინდება ეს, თუმცა იცით, რომ იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და სალომე ზურაბიშვილს აქვს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი. ამ გარანტიის გარეშე ის, რა თქმა უნდა, კონსტიტუციას უხეშად არ დაარღვევდა, მას აქვს გარანტიები მათი საერთო პატრონებისგან. სალომე ზურაბიშვილს და „ნაცმოძრაობას“ ჰყავთ საერთო პატრონები და მათი მხრიდან აქვს სალომე ზურაბიშვილს გარანტიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ გარისკავდა და ასე უხეშად არ დაარღვევდა კონსტიტუციას. ვინ არიან, ამას არ ჩავუღრმავდები, არ დავაკონკრეტებ, მაგრამ საზოგადოება მეტ-ნაკლებად ალბათ გათვითცნობიერებულია, ვის შეიძლება ვგულისხმობთ ამაში, ეს არის გლობალური ომის პარტია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილისთვის სამუშაო ვიზიტებზე უარის თქმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილს გერმანიაში ვიზიტზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი. განცხადებაში საუბარია სხვა სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებითაც, რომლებზეც პრეზიდენტს უარი ეთქვა.