ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი ამ კანონპროექტის გარშემო, სინამდვილეში, კანონი ითვალისწინებს ერთ რამეს - გამჭვირვალობას. - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, იმ ადამიანების 99%, ვინც კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკულ შენიშვნას გამოთქვას, ის უბრალოდ წაკითხული არ აქვს.
„ თუ ვინმე იღებს დაფინანსებას უცხოეთიდან, ეს უნდა გახდეს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. რაც შეეხება თვითონ აგენტის ცნებას, ეს არის აპრობირებული ტერმინი, პირდაპირ გადმოტანილი ამერიკული ვარიანტიდან. მეტიც, ეს არ არის კოპირება - ამერიკულ ვარიანტში შესაბამის სუბიექტს პირდაპირ „უცხოელი აგენტი“ ეწოდება. არა „უცხოური გავლენის აგენტი“, რაც საერთოდ სხვა რამეს ნიშნავს, არამედ „უცხოელი აგენტი“, რაც რა თქმა უნდა სტიგმატიზაციის სერიოზულ რისკს ქმნის. გარდა ამისა, ამერიკული კანონი არის კატასტროფულად მკაცრი და ამ კუთხით მთლიანად შეუსაბამო ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კანონპროექტის გარშემო საპარლამენტო მსჯელობა უნდა დაგვეწყო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.