ზუსტად ერთი წლის წინ უკრაინას უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს, რასაც უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა! ომის შედეგად დაიღუპა ათი ათასობით უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, მათ შორის, რაც განსაკუთრებით მტკივნეულია - 450-ზე მეტი ბავშვი. ლტოლვილად და დევნილად იქცა 16 მილიონი უკრაინელი. - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
"ომმა გაანადგურა უკრაინის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა. ომის დაწყებამდე ვამბობდით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ომის არ დასაშვებად და უდიდესი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გაეკეთებინა. თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთის სამხედრო აგრესია მაინც შედგა. უკრაინელი სამხედროები და მოხალისეები გმირულად იბრძვიან საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის! ქედს ვიხრი მათი გმირობისა და თავდადების წინაშე! ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ დამოუკიდებლობას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას! Слава Україні! " - წერს ირაკლი კობახიძე.