არავის აინტერესებს, ამ შემთხვევაში, უკრაინის ინტერესები, უკრაინელი ხალხის ინტერესები, ჯინ შაჰინის ეს აბსოლუტურად მიუღებელი განცხადებაც არის ამის კიდევ ერთი დასტური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ჯინ შაჰინი წარმოადგენს „დიფ სთეითს“ და სწორედ ამის გამო ემტერებოდა ის ქართველ ხალხსა და საქართველოს.

„ვხედავთ, რომ არავის აინტერესებს უკრაინა. როდესაც საუბარია ომის დასრულებაზე, აქ ვისაც კი ოდნავი სინდისი აქვს, ყველა უნდა საუბრობდეს უკრაინელი ხალხის და ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის ინტერესებზე. თუმცა ჩვენ ვაფრთხილებდით აბსოლუტურად ყველას, მათ შორის, ჩვენს საზოგადოებას, და საზოგადოებამ მხედველობაში მიიღო ჩვენი გაფრთხილება, რომ არავის აინტერესებს სხვა ქვეყნების ბედი. ყველას აინტერესებს საკუთარი ამბავი, საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ და ჯინ შაჰინი ამის კარგი გამოხატულებაა, მით უმეტეს, რომ ჯინ შაჰინი წარმოადგენს პირდაპირ „დიფ სთეითს“ მთელი ამ წლების განმავლობაში. სწორედ ამის გამო ემტერებოდა ის ჩვენს ქვეყანას, ქართველ ხალხსა და საქართველოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი გაფრთხილებაც აბსოლუტურად ზუსტი აღმოჩნდა, ყველა მოქმედებს საკუთარი გადმოსახედიდან, არავის აინტერესებს, ამ შემთხვევაში, უკრაინის ინტერესები, უკრაინელი ხალხის ინტერესები. ჯინ შაჰინის ეს აბსოლუტურად მიუღებელი განცხადებაც არის ამის კიდევ ერთი დასტური“, – განაცხადა პრემიერმა.

ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს ისე, რომ ეს აშშ-ისა და დასავლეთისთვის სასარგებლო იყოს