რა თქმა უნდა, როდესაც საქმე ეხება ცილისწამებას, ჩვენ სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაში ვცხოვრობთ და აუცილებელია ამ უტიფრობაზე, ცილისწამებაზე სამართლებრივი პასუხი აგოს ყველა იმ ადამიანმა, რომელმაც ცილი დასწამა, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე, ბერა ივანიშვილის მიერ სამართლებრივი დავის დაწყებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

მისი თქმით, „დიფ სთეითი“, არაფორმალური მმართველობა, აგენტურა, ამ აგენტურის მიერ მართული სხვადასხვა მედიასაშუალება თუ მედიაპლატფორმა, წლების განმავლობაში მუშაობდნენ, რათა ჩვენს ქვეყანაში ავტორიტეტები შეილახოს.

„ზოგადად, რაც შეეხება ბერა ივანიშვილს და ივანიშვილების ოჯახს, ბატონი ბიძინას ოჯახს, არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, ეს არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ყველა - „დიფ სთეითი“, არაფორმალური მმართველობა, აგენტურა ჩვენს ქვეყანაში, ამ აგენტურის მიერ მართული სხვადასხვა მედიასაშუალება თუ მედიაპლატფორმა, მუშაობენ და წლების მანძილზე მუშაობდნენ, რათა ჩვენს ქვეყანაში ავტორიტეტები შელახონ. ავტორიტეტები, რომელთაც არამხოლოდ პოლიტიკური ავტორიტეტი აქვთ, არამედ უდიდესი ავტორიტეტი აქვთ საზოგადოებაში. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ეს არის ივანიშვილების ოჯახი. არ უნდა გაგვიკვირდეს და საზოგადოებას არ უკვირს თვიდან თვემდე თუ წლიდან წლამდე, როგორც ქვეყნის გარედან, ასევე ქვეყნის შიგნიდან ამ გვარსა და ამ ოჯახზე თავდასხმები. აუცილებლად ყველა ამ ბინძურ, უტიფარ ცილისწამებას სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს. დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას.

კიდევ ერთხელ, ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ბერა ივანიშვილი მის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე ითხოვს - „ფორმულამ“ და „TV პირველმა“ უარყონ დეზინფორმაცია და სამართლებრივი გზით აგონ პასუხი გავრცელებულ ბრალდებებზე, რომელთაც რეალობასთან კავშირი არ აქვთ. ბერა ივანიშვილის უფლებადამცველმა დავით ასათიანმა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა.