საქართველომ გააძლიერა მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო ტყვიის შემცველი პროდუქციის შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, სახელწოდებით - "ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პროგრამის დაწყებიდან მეოთხე წელს სისხლში ტყვიის შემცველობის შემოწმებისას 75-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა.
„რაც შეეხება საქართველოს წარმატებას, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია 2018 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული მრავალკლასტერული და მრავალინდიკატორიანი კვლევა, რომელმაც გამოავლინა, რომ 2-7 წლის ასაკის ბავშვების 51 პროცენტს დაშვებულ ზღვრულ ოდენობაზე მაღალ ნიშნულზე ჰქონდათ სისხლში ტყვიის შემცველობა. ამ მონაცემებს მოჰყვა მყისიერი რეაგირება მთავრობის მხრიდან. ჩვენ სწრაფად გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები რისკების გასანეიტრალებლად და ქვეყანაში ტყვიით მოწამვლის შემთხვევების პრევენციისთვის.
2019 წელს ინიციირებული ეროვნული რეაგირების პაკეტი - გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით - მოიცავდა ფართომასშტაბიან კამპანიას საზოგადოების შემეცნების გასაზრდელად, ბავშვებისა და ორსული ქალების მონიტორინგის წარმოებას, ქიმიური რისკების შეფასების ლაბორატორიის შექმნას და ტყვიის კონტროლის სისტემის შემუშავებას სისხლში მისი შემცველობის მონიტორინგისთვის და შეხების წერტილების გამოსავლენად.
ტყვიით მოწამვლის წყაროებისა და შეხების წერტილების გამოსავლენად იმავე პროგრამის ფარგლებში დავიწყეთ ატმოსფერული გარემო პირობების შეფასება. ამ ინიციატივათა შედეგად მოხდა მაჩვენებლების სწრაფი გაუმჯობესება, რამაც რეაგირების პროგრამის ეფექტურობა დაადასტურა. პროგრამის დაწყებიდან მეოთხე წელს ვიხილეთ საოცარი - 75-პროცენტიანი - კლება სისხლში ტყვიის შემცველობის შემოწმებისას. ეს ანალიზები რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს ჩაუტარდათ, რადგან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქ იყო დაფიქსირებული“, - განაცხადა პრემიერმა.