სამხედრო პირი მოწოდებით რომ გამოდიხარ პოლიტიკურ აქციაზე, რა უბედურებაა - წყნარად იყვნენ ყველანი, ნუ შეეცდებიან არეულობის შემოტანას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ყველა ადამიანს, ვინც უკრაინაში იბრძვის, მინდა ვუსურვო მშვიდად დაბრუნება საკუთარ ოჯახებში და ნუ დაიდებენ საშვილიშვილო ვალს, საშვილიშვილო ცოდვას. ნუ აჰყვებიან ბინძურ პროვოკატორებს. მე ვიცი ბევრი, ჩვენ ვიცით იმაზე მეტი, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ, მაგრამ  ერთი რამ მინდა ვთქვა, სახელმწიფო დღეს არის მოწოდების სიმაღლეზე, დღეს სახელმწიფომ გამოიჩინა სიმტკიცე და გონიერებაც.

მანამ სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ჩვენ აქ არ დავუშვებთ მეორე ფრონტს, ეს არის გამორიცხული. ამაზე არავის ილუზია არ უნდა ჰქონდეს. სამარცხვინო იყო...  თუ ამბობ, რომ ერთის მხრივ ხარ მეომარი, სამხედრო კაცი ხარ,  რომ გამოდიხარ პოლიტიკურ აქციებზე რაღაც სიტყვებით, ეს რა უბედურებაა, რა ხდება საერთოდ? მაშინ უნდა თქვან, რომ არიან პოლიტიკოსები. ხომ იყვნენ პოლიტიკოსები წასულები, იგივე ირაკლი ოქრუაშვილი და ვიღაცები, ამიტომ გაჩერდნენ და წყნარად იყვნენ ყველანი, მშვიდად იყვნენ და ნუ შეეცდებიან აქ არეულობის შემოტანას“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 9 მარტს რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე უკრაინაში მყოფმა სამხედრო პირმა, ბესო ბენდელიანმა აქციის მონაწილეებს ამ სიტყვებით მიმართა: „თუ არის ნება ქართველი ხალხის, ამ საღამოს ერთხმად მოვითხოვოთ, ხელისუფლების გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო სამართლიანი არჩევნები“.