ქვეყნის პრეზიდენტს, ქალბატონ სალომეს აქვს თავისი პოზიცია. იგი არ წარმოადგენს აღმასრულებელ პოლიტიკას, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ქალბატონ სალომეს, როგორც ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, აქვს კონსტიტუციური უფლება, რომ ნებისმიერ საკითხზე გამოთქვას საკუთარი მოსაზრება.

„აღმასრულებელ პოლიტიკას წარმოვადგენ მე, მთავრობის მეთაური, ჩვენი მმართველი პარტია, პარლამენტი და ჩვენ წარვმართავთ და ჩვენ  ვახორციელებთ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას. ქალბატონ სალომეს, როგორც ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, აქვს, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური უფლება, რომ ნებისმიერ საკითხზე გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. მე ვრცლად გიპასუხეთ, რომ ყველაფერი, რაც უმარტივებს, გაუუმჯობესებს  მდგომარეობას ჩვენს მოქალაქეებს, არის დადებითი და კარგი გადაწყვეტილება.

ეს ფრაზა, ჩვენ თავმოყვარე, უძველესი ერი ვართ, ამას რომ ამბობს ვიღაც, არ ვიცი ვინ თქვა, არ მომისმენია, მაგრამ რუსეთის დაკრულზე ცეკვა და ასეთი გამონათქვამები, ეს არის ერის შეურაცხყოფა. თქვენ ნუ იმეორებთ ასეთ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს“, -  განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა:  უნდა ვიზრუნოთ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებსა, თუ ყოფილ მოქალაქეებზე, ეს უნდა იყოს ჩვენნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და დიასპორის მიმართ კომპლექსური სტრატეგია და არა კრემლის მიერ შერჩეულ დროს და დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა!