ის სისხლისღვრა, რაც დღეს უკრაინაშია, ჩვენთან უკვე იყო 2008 წელს, როგორ არის, ქართველი კაცის სისხლი არ არის სისხლი და უკრაინელის სისხლი სისხლია? ქართველებმა ბევრი სისხლი გავიღეთ, სამი ომი გადავიტანეთ, სამოქალაქო ომი. ნატო-ს მისიებში ვიყავით, ავღანეთში, ერაყში, ჩვენმა ბიჭებმა სისხლი გაიღეს და შეწირეს ამ მისწრაფებას, მიზანს, იდეას და ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი არის დღეს მძიმედ დაჭრილი, ეს არ არის სისხლი?, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„აგვისტოს ომის შემდეგ 2,5 ტრილიონი დოლარის საქონელი იყიდა ევროკავშირმა რუსეთისგან. ამერიკას ვაჭრობა არ შეუჩერებია დღესაც. შეგიძლიათ, მონაცემები გამოითხოვოთ. შეამცირეს ვაჭრობა, მაგრამ დღესაც ვაჭრობენ რუსეთთან იმ პროდუქციებით, რაც მათ ეროვნულ ინტერესებს და მათ კომპანიებს სჭირდებათ. ჩვენ რა, არ ვართ სუვერენული სახელმწიფო?! თუ ჩვენ ხალხი არ ვართ? თუ ჩვენ არ გვინდა არსებობა, განვითარება, მშვიდობა და კეთილდღეობა?! ლოგიკა რა არის? გვეუბნებიან, რომ ეს გაერთიანება – ევროკავშირი და ნატო, თუ შევა ფიზიკურ სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთან, მივიღებთ მესამე მსოფლიო ომს, ეს კარგად ვიცით და ბირთვული ომის საშიშროება კი არა, პირდაპირი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით. ამის საშიშროება დღეს უკვე დგას და გვეუბნებიან, რომ ამიტომ ჩვენ უნდა ავირიდოთ ომი, გვეუბნებიან ჩვენი ნატო-ელი და ევროპელი მეგობრები.

პირადად ჩემთვის, ჩვენთვის, ქართველებისთვის, პატარა ქვეყნისთვის რაიმე პროვოკაცია, ომი, დესტაბილიზაცია ნიშნავს მესამე მსოფლიო ომს, არავინ ჩაერთვება ჩვენს ომში, არავინ, არავინ აბსოლუტურად. ისევ უნდა დაიხოცონ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და ჩვენი მოქალაქეები დაზიანდნენ, ქვეყანა უნდა გადაიქცეს პოლიგონად. ამას ჩვენ არ დავუშვებთ, მიუხედავად ძალიან ბევრი ბინძური პროვოკაციის, მცდელობისა და დესტაბილიზაციის მოწყობის. არ მომისმენია ქალბატონი დეგნანის განცხადება, მაგრამ თქვენი შინაარსიდან შემდეგი მინდა გიპასუხოთ – . ჩვენ გვაქვს პრეტენზია და ამოცანა, რომ გავძლიერდეთ, როგორც ეროვნული, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და არა  – შეზღუდული სუვერენიტეტით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ, მჯერა იგივე ქალბატონი დეგნანი, ჩვენი ევროპელი მეგობრები, ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ყველანი ამ ჩვენს განსაკუთრებულ მდგომარეობას კიდევ ერთხელ კარგად გაითვალისწინებენ. ჩვენ გვექნება მათთან საუბარი კიდევ ერთხელ და გაგებით მოეკიდებიან ამ ფაქტს, რომ ჩვენ ვაჭრობას და ეკონომიკას არ ვაჩერებთ, ისევ ჩვენი საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.