დღეს ჩვენი მოქალაქეები ხედავენ და რაც მთავარია თავად გრძნობენ, რომ მიუხედავად ჯერ კიდევ არსებული გამოწვევებისა, მცირდება სიღარიბის მაჩვენებელი, უმუშევრობა, სოციალური პოლიტიკა მრავალჯერ გაუმჯობესდა და მიმართულია მოქალაქეების ინტერესებზე, სამჯერ გავზარდეთ ქვეყნის ბიუჯეტი და ეკონომიკა. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობისა და წარმოების ხელშემწყობი პროექტების შედეგად, ამერიკაში, ევროპაში, რუსეთში, ჩინეთსა და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე წარმატებით იყიდება ჩვენს ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები, იმ საწყის პირობებთან შედარებით, რომელიც ჩვენ დაგვხვდა, მთელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად წარმატებულია. რა თქმა უნდა გამოწვევები რჩება, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას აქვს ხედვა და უნარი ამ პრობლემების გადაჭრის და მოგვარების.
რა თქმა უნდა, უამრავი დამადასტურებელი ფაქტი არსებობს, თუ რატომ არის “ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს ინტერესების და ჩვენი ხალხის მტერი, თუმცა, მთავარი დანაშაული, რომელიც სააკაშვილს და მის კრიმინალურ ბანდას ქართველი ხალხის წინაშე მიუძღვით - 2008 წლის აგვისტოს ომია, რომელიც მათ მიზანმიმართულად, შეგნებულად და გააზრებულად არ ააცილეს თავიდან ქვეყანას და ჩვენს ხალხს, ხოლო ომის ფასი ქართველმა ხალხმა დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციით, ათეულობით ათასი დევნილად ქცეული მოქალაქით, ასზე მეტი დაკარგული სოფლითა და ჩვენი გმირების შეწყვეტილი სიცოცხლით გადაიხადა! ეს არის უპატიებელი დანაშაული, რომელსაც დრო ვერ წაშლის და ეს არის ღალატი, რომელსაც ქართველ ხალხი არასდროს არ დააივიწყებს!"