დღეს თუ რამე ჩრდილს აყენებს ჩვენს საზეიმო განწყობას, ეს არის ისრაელსა თუ უკრაინაში მიმდინარე ომები. მინდა, დამდეგ წელს მშვიდობის დამყარება ვუსურვო მოძმე ებრაელ და უკრაინელ ხალხებს. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საახალწლო მილოცვაში განაცხადა.
"მსოფლიოსათვის ასეთი ურთულესი გამოწვევების პერიოდში ჩვენ უზრუნველვყავით მშვიდობა და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ. ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების საერთო ძალისხმევის შედეგად დღეს საქართველო გამორჩეული ლიდერია მთელს მსოფლიოში ეკონომიკური წინსვლისა და დემოკრატიის თვალსაზრისით, და ამ პროცესების დაგვირგვინებად, ჩვენი ერთიანი, ღირსებასა და სიმართლეზე დაფუძნებული შრომის საუკეთესო აღიარებად იქცა ისტორიული მოვლენა - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამ მიღწევამ, რომელსაც ჩვენს წინაპართა დიდი მემკვიდრეობა უმაგრებს ზურგს, არა მხოლოდ შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი და მისი ღირსეული ადგილი ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში, არამედ თავად ევროკავშირის ახალი კონტურები მოხაზა.
და ახლა, როდესაც საქართველო ისე ახლოსაა თავისი ეროვნული მიზნების მიღწევასთან, როგორც არასდროს, დამდეგ 2024 წელს ახალი იმედებით, მიზნებითა და ამოცანებით ვხვდებით; ვხვდებით შემართებით და მზაობით, კვლავაც თავდაუზოგავად ვიშრომოთ ამ ეროვნული მიზნების მალე მისაღწევად.
დღეს თუ რამე ჩრდილს აყენებს ჩვენს საზეიმო განწყობას, ეს არის ისრაელსა თუ უკრაინაში მიმდინარე ომები. მინდა, დამდეგ წელს მშვიდობის დამყარება ვუსურვო მოძმე ებრაელ და უკრაინელ ხალხებს.
როგორც ამბობენ, ახალი წლის ღამე ახალი სურვილების ჩაფიქრების დროა და მე დარწმუნებული ვარ, რომ რა პირადი სურვილებიც არ უნდა გვქონდეს - დიდისა თუ პატარის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, გმირი პოლიციელების, მეხანძრე-მაშველების, ჩვენი გულისხმიერი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის, განათლების, მეცნიერების, კულტურის სფეროს ღირსეული წარმომადგენლების, ჩვენი საამაყო სპორტსმენების, საჯარო მოხელეების, ვეტერანების, ფერმერებისა თუ მშენებლების და საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეთა ფიქრები განუყოფელია საქართველოსგან. ჩვენი სამშობლოს უპირობო სიყვარული არის ის, რაც გვაერთიანებს არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ - ჩვენს დიდ წინაპრებსა და მომავალ თაობებთან.
ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და ამ მიწაზე მცხოვრებ ყველა ხალხთან ერთად ძლიერი, ერთიანი და განვითარებული ევროპული სახელმწიფოს შენება კვლავ მხოლოდ ამ ერთიანობას უნდა დაეფუძნოს. ამიტომ თითოეული თქვენგანის როლი ამ პროცესში შეუცვლელი და უნიკალურია.
ძვირფასო მეგობრებო,
გულითადად გილოცავთ დამდეგ 2024 წელს. ჩვენს სამშობლოს კიდევ უფრო მეტ წინსვლას, გაძლიერებას, გაერთიანებას, თქვენ და თქვენს ოჯახებს კი ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ!
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!" - განაცხადა პრემიერმა.