რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ამის თაობაზე მე არაერთხელ განვაცხადე, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და პორტის მშენებლობა დაიწყება წელს, მთავრობის დაფინანსებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ამის თაობაზე მე არაერთხელ განვაცხადე, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და პორტის მშენებლობა დაიწყება წელს, მთავრობის დაფინანსებით. აქედან 51% იქნება მთავრობის საკუთრება, დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადეთ უკვე ინტერესთა გამოხატვა და ახლა მიმდინარეობს აქტიურად დამუშავება ამ საკითხების, მათ შორის სერიოზული ინვესტორისგან გამოითქვა ინტერესი, თუმცა ამ ეტაპზე არ ვართ იმ კონდიციაში რომ ეს ინფორმაცია გავასაჯაროოთ. ამის თაობაზე მოგვიანებით დაგიბრუნდებით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მიღებული არის გადაწყვეტილება, მოგახსენეთ, რომ ჩვენ წელს დავიწყებთ მშენებლობას და ეტაპობრივად ჩვენ, რა თქმა უნდა, პარალელურად გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს ინვესტორებთან.
იცით, რომ შარშან ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან, ე.წ. შუა დერეფნის კორიდორის განვითარების შესახებ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგზაო რუკა, ვიცით რა უნდა გააკეთოს საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა. პოტენციალი იმისა, რომ ტვირთნაკადი გაიზარდოს ამ დერეფანში, არის საკმაოდ დიდი და რეალური არის ეს პერსპექტივა, მაგრამ ამ მიზნით აუცილებელი არის, რომ გაიზარდოს გამტარუნარიანობა რკინიგზის, პორტების. იცით, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩქაროსნული მაგისტრალების პროექტის დასრულებაზე, 2024-ის ბოლოს იქნება დასრულებული ეს მნიშვნელოვანი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი გზა. ასევე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდება მომავალ წელს, რითაც გაორმაგდება გამტარუნარიანობა ჩვენი რკინიგზის. ამიტომ, აუცილებელი არის, რომ პორტების გამტარუნარიანობაც გაიზარდოს და სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას. ასევე ფოთის პორტის ინვესტორის მხრიდან გამოითქვა, მფლობელის მხრიდან გამოითქვა ინტერესი, სურვილი, მზაობა, შეიძლება ასეც ითქვას, რომ მათაც განახორციელონ ინვესტიციები, ფოთის პორტის განვითარების და გაფართოების, ასე რომ ამ მიმართულებით სერიოზული წინსვლა გვექნება მომდევნო წლების განმავლობაში. ქვეყანა უნდა იყოს მზად დაგეგმილი მემორანდუმის და ხელმოწერილი საგზაო რუკის შესაბამისად, 2027 წლისთვის უნდა იყოს გამართული ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგზაო, რკინიგზა პორტები. აი ეს არის ჩვენი ხედვა და ჩენი გეგმა, რომელსაც თანმიმდევრობით მივყვებით.
ასევე გეტყვით, რომ ბოლო პერიოდში, ბოლო 10 წელში, საგრძნობლად გაიზარდა გაზიფიცირების სამუშაოები. გაისად მოსახლეობის თითქმის 93% იქნება გაზიფიცირებული. ეს არის რეკორდული მონაცემები, თუ ამას შევადარებთ 2012 წელს, ძალიან დიდი სხვაობა გვაქვს ამ მიმართულებით.
ასევე ჩვენ დავიწყეთ მნიშნელოვანი რეფორმა, რომელიც ეხება საავტომობილო სამგზავრო გადაყვანას ქვეყნის შიგნით. გამოწვევა იყო და დღესაც რჩება ყველა დიდ ქალაქში და ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში არსებული ავტოსადგურები, რომლებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ დავნერგავთ ევროპულ სტანდარტებს. დავიწყეთ აქტიურად შეძენა ახალი ავტობუსების რეგიონებისთვის. ამ რეფორმის ფარგლებში მოხდება ავტობუსების სერთიფიცირება, სრული განახლება და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების განებართვიანება, რათა მივაღწიოთ სამ უმთავრეს მიზანს:
მგზავრთა გადაყვანის უსაფრთხოება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, კომფორტი და რა თქმა უნდა კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა“, - განაცხადა პრემიერმა.