ყულევის პორტში სანქციების გვერდის ავლა თუ აღარ ხდება, ეს კარგია. ჩვენ წლების განმავლობაში ამას ვითხოვდით, რომ საქართველოში არ იქნას გამოყენებული სტრატეგიული ობიექტები სანქციების გვერდის ავლისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს.
ამ საკითხზე არაერთხელ გვისაუბრია და ეს პრობლემა თუ არ იქნება კონკრეტულ ადგილზე, ამას მივესალმებით.
„სამწუხაროა, რომ ამას დასჭირდა კონკრეტულ სასანქციო პაკეტში მოხვედრა. მას შემდეგ, რაც ყულევის პორტი სანქციების სიაში მოხვდა, თუ რაიმე შეცვალეს და ვითარება გამოასწორეს, ეს, რა თქმა უნდა, კარგია. თუმცა, როგორც ჩანს, უფრო გადარჩენის ინსტინქტი იყო წარმმართველი. სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით გონივრული ეჭვი ყველას აქვს, რომ ოლიგარქიულმა წრეებმა დიდი ოდენობით თანხები იშოვეს და ეს შემოსავლები, მათ შორის, სანქციების გვერდის ავლას უკავშირდება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
მედიის ცნობით, ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას სთავაზობს.









