„ოცნება“ ისტორიულ მაქსიმუმზე ვერა, მაგრამ მინიმუმზე იქნება თავისი პოლიტიკის წყალობით, რაც შეეხება კვლევას, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ასეთ რეპრესიულ გარემოში არ გამოხატავს საბოლოო ჯამში რაც ხდება იმას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლევასთან დაკავშირებით IRI-ის ოფიციალურ ინფორმაციას ელოდება.
„ოფიციალურად უნდა გამოქვეყნდეს ჯერ ეს მონაცემები , რაც შეეხება IRI-ის კვლევის შედეგებს, ჩვენ არაერთხელ გვახსოვს, რეალურად განსხვავებული შედეგები იდებოდა გაყალბებულ არჩევნებშიც კი. ამიტომ როცა ვსაუბრობთ ასეთ კვლევებზე, ეს სრულ სურათს ვერ აჩვენებს. რაც შეეხება გამოკითხვის ფორმატებს, ძალიან რთულია, ამ რეჟიმის პირობებში ადამიანებს მოსთხოვო გულწრფელად პასუხის გაცემა. რას ფიქრობს ხალხი, ყველაზე კარგად თავისუფალ არჩევნებში გამოჩნდება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
კითხვას, რატომ დამალა და არ გაასაჯაროვა ოპოზიციამ ეს კვლევა აქამდე, ირაკლი ფავლენიშვილმა უპასუხა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ კვლევის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია და არაფერი დაუმალავს.
„არაფერი დაგვიმალავს, რადგან არ გვქონია ინფორმაცია. ვიცით, რომ „ოცნება“ ისტორიულ მაქსიმუმზე ვერა, მაგრამ მინიმუმზე იქნება თავისი პოლიტიკის წყალობით, რაც შეეხება კვლევას, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ასეთ რეპრესიულ გარემოში არ გამოხატავს საბოლოო ჯამში რაც ხდება იმას. ოფიციალურად არ ვიცნობთ ამ კვლევის სტატისტიკებს. გავრცელებულის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წარსული გამოცდილებით შედეგები, რომლებიც ქვეყნდებოდა, განსხვავდებოდა თვით გაყალბებული არჩევნების შედეგებისგან.
ორგანიზაციის მიმართ აბსოლუტურად დადებითი დამოკიდებულება გვაქვს, უბრალოდ რეპრესიული გარემოა და შიშის ფონის გამო მოქალაქეები ვერ აფიქსირებენ თავიანთ აზრს. ჩვენ არ მოგვისმენია „აირაის“ ოფიციალური განცხადება ამის თაობაზე, ამიტომ ველოდებით“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ სლაიდს, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%, 2-2% აქვთ: იაგო ხვიჩიას პარტია „გირჩს“, ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“, 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „ხალხის პარტიას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.








