პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ბოლო 14 წლის განმავლობაში ოპოზიციურ სპექტრში განვითარებული პროცესები და "ნაციონალური მოძრაობის" წიაღიდან ახალი პოლიტიკური პროექტების აღმოცენება, საბოლოო ჯამში, მმართველმა გუნდმა საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის გამოიყენა. ამის შესახებ ფავლენიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

„ამბიციები ჰქონდათ ადამიანებს, ზოგ შემთხვევაში ჯანსაღი, ზოგ შემთხვევაში არაჯანსაღი. "ნაციონალური მოძრაობის" წიაღში ჩნდებოდა კონკრეტული ადამიანი, დიდძალი ფინანსური რესურსებით, რომელიც ამ ამბიციებში, ასე ვთქვათ, დებდა ფულს და იწყებოდა ახალი პოლიტიკური პროექტი, ფაქტობრივად, "ნაციონალური მოძრაობის" საწყისზე და წიაღში არსებულ პოლიტიკურ აქტივზე, მათ შორის, არაპოლიტიკურ აქტორებზეც... [ვგულისხმობ] აბსოლუტურად ყველა პარტიას, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წიაღიდან წამოვიდა. იქნება ეს "ევროპული საქართველო," თუ... არ ვიცი, რა საჭიროა ახლა ჩემი ჩამოთვლა, ყველამ იცის კარგად. ახლა თუ გინდათ, ჩამოვთვლი, მაგრამ მე მგონი, ტყუილი ტექნიკური, ბიუროკრატიული ამბავი იქნება, რომ ჩამოვთვალო ყველა ის პარტია. ყველამ ვიცით, ხომ, "ნაციონალური მოძრაობის" წიაღიდან რომელი პარტიები გამოვიდა ბოლო 14 წლის განმავლობაში. ყველა პარტიას ვგულისხმობ, აბსოლუტურად.

ეს პროექტები ვიხილეთ ჩვენ და, საბოლოო ჯამში, ამ პროექტების არსი მარტივი იყო: გასაგებია, რომ ადამიანებს ზოგიერთ ნაწილს, რა თქმა უნდა, მართლა უნდოდათ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, მართლა ჰქონდათ ამბიცია და წარმოდგენა, რომ თვითონ შეეძლოთ დაემარცხებინათ სისტემა. სინამდვილეში, მათ შორის, ივანიშვილი ამას იყენებდა, ყველაფერს იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დაესუსტებინა და თვითონ მონოპოლიური მდგომარეობა შეენარჩუნებინა და ქვეყანაში მიეტაცებინა საბოლოოდ სახელმწიფო ინსტიტუციები," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.