ვინც პროტესტს და წინააღმდეგობას უღალატებს, ყველა ასეთი ძალა იქნება სისტემური ოპოზიცია და მათ რუსთაველის პროსპექტზე არაფერი ესაქმებათ და არც წინააღმდეგობის ძალებად უნდა მოიაზრებოდნენ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

"ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვამბობდით, რომ ვინც პროტესტს უღალატებს, ვინც წინააღმდეგობას უღალატებს, შეიცვლის გაცხადებულ პოზიციას, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი აღარ არსებობს, არჩევნები და პარლამენტი აღაც არსებობს, რომ ჩვენ არ უნდა ვითანამშრომლოთ და წინააღმდეგობაა ერთადერთი ინსტრუმენტი და გზა ასეთი რეჟიმების დამარცხების. ყველა ასეთი ძალა იქნებოდა სისტემური ოპოზიციის გზაზე დამდგარი და აღარ იქნებოდა წინააღმდეგობის მონაწილე, ამიტომაც რუსთაველის პროსპექტზეც არაფერი აღარ ესაქმებათ ამ პოლიტიკურ აქტორებს საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე. მათ შორის, აღარ უნდა მოიაზრებოდნენ წინააღმდეგობის ძალებად და არ უნდა ეგონოთ, რომ 2-3 თვით ბრძოლის ღალატს ვაპატიებთ და თუნდაც 5 ოქტომბერს ყველაფერი შეიცვლება. ეს ხალხი ღალატობს საკუთარ ნათქვამ სიტყვებს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.