იმ ხალხს, ვისაც რაღაცა მოპარული აქვს, ჯობია ჰქონდეს ეს მოპარული და ეს ხალხი შევითანხმოთ იმაზე, რომ მეტი არ მოიპაროს და ჩვენ ხელი არ შეგვეშალოს ამათი მოღვაწეობით, უპატრონო ქონების გადანაწილებაში. შურისძიების გრძნობა არ არის ის, რომელიც ქვეყანას განავითარებს, რომელიც საზოგადოებას წინ წაიყვანს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

„კითხვაზე, ხალხისთვის მოპარული ფული დაბრუნდეს თუ არა, სწორი პასუხია - არა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პასუხი უცნაურად გამოიყურება. რატომ? - 90 წლებში ვიღაცამ ფული მოიპარა, მაშინ ყველაფერი ხდებოდა, როგორ შეიძლებოდა ვიღაცას ფული არ მოეპარა. მერე იმდენად არასწორ რელსებზე დავდექით, სულ ამ ვიღაცის პირველად მოპარულ ფულს დავდევთ და საკუთარ ცხოვრებას არ ვაშენებთ, ვამბობთ, რომ იმას უნდა წავართვათ ფული. სინამდვილეში, სახელმწიფო ქონების 10 % გადანაწილდა თავის დროზე, თუნდაც ცუდად. 90% კიდევ უპატრონოდ გდია. ჩვენ ახლა გვაქვს ასეთი გამოწვევა, ვდიოთ კუდიანებს, რომლებმაც ამ 10 %-ით ისარგებლეს. ხალხს ვუბიძგებთ, რომ შური იძიონ. ანუ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, კიდევ ახალი ზიზღის გორგალს ვბადებთ ამით. დავიჭიროთ თუ არა მურუსიძე, მისი მეგობრები, ქოცები, წავართვათ თუ არა ფული და მოვახდინოთ თუ არა ქონების თავიდან გადანაწილება, იმიტომ რომ თავის დროზე ვიღაცამ უკანონოდ ჩაიგდო ბევრი ქონება? - ამ კითხვაზე ჩემი პასუხია არა. ჩვენ ერთხელ უნდა გავწყვიტოთ ეს ჯაჭვი. იმ ხალხს, ვისაც რაღაცა მოპარული აქვს, ჯობია ჰქონდეს ეს მოპარული და ეს ხალხი შევითანხმოთ იმაზე, რომ მეტი არ მოიპაროს და ჩვენ ხელი არ შეგვეშალოს ამათი მოღვაწეობით, უპატრონო ქონების გადანაწილებაში. შურისძიების გრძნობა არ არის ის, რომელიც ქვეყანას განავითარებს, რომელიც საზოგადოებას წინ წაიყვანს. ეს გრძნობა არის მიტევების გრძნობა და ჩვენ თუ რამე გვჭირდება ახლა, არა ცეცხლზე კიდევ ნავთის დასხმა, კიდევ ახალი ქონების გადანაწილებაზე ზრუნვა, არამედ ის რომ მოდი, იქნება მოვიფიქროთ, იმ ხალხმა რომ იშოვა თავის დროზე არასამართლიანი გადანაწილებით, მოდი ახლა, კიდევ ბევრი გვაქვს დარჩენილი, სამართლიანად გადავანაწილოთ და ყველა გავმდიდრდეთ. გავანებოთ თავი ჩვენი ენერგიის ხარჯვას ვიღაცის დაჭერაზე, ვიღაცის წართმევაზე, მოდი ჩვენი ენერგია დავხარჯოთ, როგორ გადავანაწილოთ უპატრონოდ დარჩენილი ქონება",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.