„ქოცები“ ქართველ ხალხს უყენებენ არჩევანს - პუტინი, თუ მიშა? ეს ის ერთადერთი არჩევანია, სადაც, ჩემი აზრით, მიშა იგებს. „ქართულ ოცნებას“ ჩვენ არ ვჭირდებით. თვითონ შეაძულებს საკუთარ თავს საქართველოს მოსახლეობას, ამას ყოველდღე ისე კვალიფიციურად აკეთებს, რომ ოპოზიციის დახმარება არ სჭირდება,- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
„პრობლემა რუსი ტურისტი არ არის, პრობლემა არის ხელისუფლება. ჩემი აზრით, მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენ გვაქვს არის ის, თუ როგორ დავაბალანსებთ მიშას ძალაუფლებას, მაშინ, როდესაც „ქოცები“ საკუთარი გიჟური პოლიტიკით მიშას მოიყვანენ. მგონია, ეს არის მთავარი ამოცანა, რომელიც გასააზრებელი გვაქვს. ფაქტია, რომ „ქოცები“ახლა ამას აკეთებენ. „ქოცები“ ქართველ ხალხს უყენებენ არჩევანს - პუტინი, თუ მიშა? ეს ის ერთადერთი არჩევანია, სადაც ჩემი აზრით, მიშა იგებს. „ქართულ ოცნებას“ ჩვენ არ ვჭირდებით. თვითონ შეაძულებს საკუთარ თავს საქართველოს მოსახლეობას, ამას ყოველდღე ისე კვალიფიციურად აკეთებს, რომ ოპოზიციის დახმარება არ სჭირდება. მეორე მხარეს არის საფრთხე. რამდენი ომი გამოგვივლია რუსეთთან. როდესაც დაგვიპყრეს აჯანყებებს ვაწყობდით. არ მჯერა, რომ ისე შეგვიერთებენ რუსებს, რომ ერთი აჯანყება არ ვცადოთ. ისიც არ მჯერა, რომ რომელიმე პოლიციელი, პროკურორი იქნება, თუ მოსამართლე „ქოცებს“ პრორუსობაში გაჰყვება, თუ ისინი ამას საბოლოოდ გადაწყვეტენ. მგონია, ეს თამაში განწირულია“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისივე თქმით, „გირჩის“ გარდა ის სხვა პარტიას ვერ ხედავს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის გაჩერება შეუძლია.
„წარმოიდგინეთ, მე ვარ ის ადამიანი, რომელიც მიშას ვერასდროს დაუჭერს მხარს. იმიტომ, რომ მისი არ სჯერა. მე ვარ ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ პირველი ჩემით დაიწყებს დაჭერას. ამიტომ, მისკენ არ ვიქნები. რაღაც სხვა უნდა მოვიფიქრო იმისთვის, რომ ეს საფრთხე დავაზღვიო. თუ არჩევნები ჩატარდება, სადაც პუტინი VS მიშა იქნება და მე იმ პერიოდში ვერ შევძელი გაძლიერება ისე, რომ მესამე არჩევანი ვიყო, ვთქვა: „პუტინი და მიშა კი არ არის მხოლოდ, მეც ვარ“ ეს თუ ვერ ვთქვი, სხვა პარტიას ვერ ვხედავ, რომელსაც მიშას გაჩერება შეუძლია.
ქართველი ბიზნესმენები გიჟები მგონიან, ამას რომ ვერ ხედავენ. შეიძლება ცოტა ხანში ჩამოიშალონ „ქოცები“ იმიტომ, რომ რუსეთზე დებენ ფსონს. თუ „ქოცები“ იშლებიან, ვინ მოდის ხელისუფლებაში? ვის ჰგონია, რომ მიშა შეარჩენს ბიზნესმენებს „ქოცებთან“ ასეთი ტიპის თანამშრომლობას. მიშა „ქოც“ ბიზნესმენებს არ გაპარსავს? როგორ შეიძლება ამ ბიზნესმენებს ახლა მშვიდად ეძინოთ. როგორ შეიძლება არ ეძებდნენ პარტიას, რომელსაც გააძლიერებენ და მიშას იმედად არ დატოვებენ ამ სიტუაციას. „გირჩის“ გარდა ვინ ეგულებათ, ვინც ეგრევე არ გადახტება მიშას ბანაკში?- თქვა იაგო ხვიჩიამ.