ჩვენ ვერ დაგვბრალდება პუტინის ქმედებები, ჩვენ დაგვბრალდება ჩვენი ქმედებები და მნიშვნელოვანია მანდ არ დავაშავოთ - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის შეფასებისას განაცხადა.
„მგონია, რომ საქართველოს კავშირები ევროკავშირთან და დასავლეთთან, რომელიც ჩვენ მოვახერხეთ და ბოლო წლების განმავლობაში გავაბით, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ზოგადად არ შეიძლება ჩრდილის ან საფრთხის მიყენება ამ კავშირებისთვის.
ჩემი აზრით, პუტინის გადაწყვეტილება ვერ მიაყენებს ჩრდილს ჩვენს კავშირს დასავლეთთან, ჩვენმა გადაწყვეტილებამ შეიძლება მიაყენოს, რომელიც შეიძლება იყოს განპირობებული პუტინის გადაწყვეტილებით, მაგრამ პუტინი არ არის ის საფრთხე, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ - ჩვენ ვერ დაგვბრალდება პუტინის ქმედებები, ჩვენ დაგვბრალდება ჩვენი ქმედებები და მნიშვნელოვანია მანდ არ დავაშავოთ.
ჩრდილის მოყენების ნაწილში, მაგალითად, ასეთი ერთ-ერთი იყო რუსული კანონის მხარდაჭერა 78 კაცის მიერ - ამან ჩრდილი მიაყენა, სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ასევე არსებობს გარკვეული ტიპის შეშფოთებები. მე არ ვიცი ეს სადამდე მივა, დარწმუნებული ვარ, არასაჯარო მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მთავარი შიში და სიფრთხილე დასავლეთიდან მომდინარეობს იმაზე, რომ აკრძალული ტვირთები საქართველოდან არ მოხვდეს რუსეთში“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.