სულ ორი ვარიანტი გვაქვს: ან აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას და შედიხარ პარლამენტში, ან არ ცნობ არჩევნებს ლეგიტიმურად, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას აქვს ეს გადაწყვეტილება აქვს მისაღები და „გირჩი“ მზად არის, თავის დაფინანსებაზე, სამ მილიონ-ნახევარზე თქვას უარი, თუ ბარიერგადალახული ოთხი პარტია დაფინანსებაზე იტყვის უარს.
„გეგმას რომ ვერ ამბობენ, მე გეტყვით, რა არის გასაკეთებელი, სულ ორი ვარიანტი გვაქვს: ან აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას და შედიხარ პარლამენტში, ან არ ცნობ არჩევნებს ლეგიტიმურად. წარმოიდგინეთ, ამ არჩევნების შედეგად, ჩვენ, „გირჩს“, არ გვაქვს საპარლამენტო მანდატები, მაგრამ მივიღეთ სამ მილიონ-ნახევარი ლარი. ხაზარაძეს და დანარჩენ ჯიგრებს ქართველმა ხალხმა მისცა 20 მილიონ ლარზე მეტი და 50-ზე მეტი მანდატი. 50-ზე მეტი მანდატი და 20 მილიონზე მეტი ლარი თუ არ შემოვა ამ პოლიტიკურ თამაშში და იტყვიან, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, თუ ამას იზამენ, ჩვენ მზად ვართ, ჩვენს სამ მილიონ-ნახევარზე ვთქვათ უარი და ვთქვათ, რომ არალეგიტიმური არჩევნების „გაპრავება“ არ გვინდა.
ამას ვეუბნებოდით ჩვენ 2020-ის წინ. 2020-ში რატომ გადავწყვიტეთ პარლამენტში შესვლა – დავინახეთ, რომ ჩვენი ჯიგარი ოპოზიციონერები ფულის აღებასაც აპირებდნენ და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასაც ამ მთავრობის მიერ დანიშნული ცესკო-თი. თუ ეს მთავრობა არალეგიტიმურია, მისი ცესკო-ც არალეგიტიმურია, მის მიერ დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც არალეგიტიმურია და ყველაფერზე უნდა თქვა უარი.
ჩვენ დაველოდებით, რას გააკეთებენ ესენი. თუ მართლა უარს ამბობენ, პარლამენტი რომ შედგება, მათ მისაღები აქვთ გადაწყვეტილება, ან აღიარებ არჩევნებს, ან ამბობ, რომ ერთხელ თუ არჩევნები „გაფუჭდა“, უკანონო არჩევნების შედეგით პარლამენტში შევედით, ყველა არჩევნები ასე იქნება და საარჩევნო უფლება მოკვდება საქართველოში. ჩვენ მეორეს მხარეს ვართ. ჩვენ მზად ვართ, ჩვენს სამ მილიონ-ნახევარზე ვთქვათ უარი, თუ ყველა ბარიერგადალახული, ოთხი პარტია იტყვის უარს თავის დაფინანსებაზე. ეს ორი და ხუთი თვის მერე კი არა, ახლა საპასუხო კითხვაა, უნდა დაწერონ, არ ვიღებ ფულს, არ ვცნობ არჩევნებს, ან ამას თუ არ იზამენ და საბიუჯეტო ფულს ხელს მოკიდებენ – საბიუჯეტო დაფინანსებას და ხელფასს თუ იღებ, რა ბოიკოტს აცხადებ და შედეგებს არ ცნობ, გიჟი ხომ არ ხარ?!“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „ღამის კურიერში“.