"მე შენ დაგამხობ და შიმშილობას ვიწყებ, ჩემი აზრით, არ არის ერთმანეთთან შესაფერისი. თუ შიმშილობას იწყებ, ადამიანს თავს აცოდებ - ამბობ, რომ მე სხვა არაფერი შემიძლია, უძლური ვარ სისტემის წინაშე... ეს პროტესტის უკიდურესი ფორმაა, სხვა არაფერი შემიძლია და ვამოწმებ ხალხის წინაშე, შენ რამდენად კაცთმოყვარე ხარ - მიდიხარ თუ არა ჩემს სიკვდილზე. მეორე მხრივ, ამბობ, რომ გამოსავალი რევოლუციააო. ეს ორი რაღაც ერთმანეთთან თავსებადი როგორ არის." - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გადაცემაში "ღამის კურიერი" განაცხადა. 

"თუ რევოლუციაა გამოსავალი, მაშინ ხომ სხვა რამეა გასაკეთებელი. თუ რევოლუცია არ არის გამოსავალი და რაღაც სხვას აკეთებ და ფიქრობ, რომ ჯერ რევოლუციის ძალა არ გაქვს, მაშინ იდეაზე უნდა იმუშაო. იდეაზე მუშაობა კი არა, იმ ხალხმა, ვინც ახლა ციხეში ზის, საკუთარ ტელევიზიებში აკრძალა იდეაზე მუშაობა. იდეის ფორმირებას ყველანაირად ხელს უშლიან, გუშინაც ეს იყო. მე უბრალოდ ხელი ჩავიქნიე, მივხვდი, რომ ამ ხალხის გამოსწორება არ იქნება და არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ რამე შეიცვლება", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ,

2025 წლის 13 ივნისს  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, ნიკა გვარამიას შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. ის  სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა. თვითონ მივიდა პენიტენციურ დაწესებულებაში და გირაოს გადაუხდელობის გამო რუსთავის ციხესთან დააკავეს.

 2025 წლის 17 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე  აღკვეთის ღონისძიების სახედ 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. თანხის გადახდის ვადა 7 ივნისს ამოიწურა. 

2025 წლის 23 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე   ზვიად შარაძემ  "ლელოს" ლიდერს მამუკა ხაზარაძეს  რვა თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.

23 ივნისს მამუკა ხაზარაძე  "ლელოს" ოფისში დააკავეს.

 საქართველოს პარლამენტის „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში 25 მარტს გადაიგზავნა. პირველ აპრილს მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა. ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, 2025 წლის 2 აპრილს  მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

2025 წლის 25 ივნისს გიორგი ვაშაძე დააპატიმრეს - თბილისის საქალაქო სასამართლომ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე7 თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე მას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.