„გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად არის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ მონაწილეობის მიღების შანსი, განაცხადა: 

„ნაკლებად არის ამის შანსი, რადგან, მგონი, ეს „ქოცებთან“ შეთანხმების საგანია და არა იმიტომ, რომ რაციონალურად არ შეუძლიათ, დაინახონ და იფიქრონ. მგონია, გვარამია დღემდე სახელშეკრულებო ურთიერთობაშია „ქოცებთან“, რის საფუძველზეც ამდენი ფული იშოვა წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ვფიქრობ, ახლაც მაგ დავალებებს ასრულებს და „ქოცებისთვის“ ყველაზე სასურველი სქემა არის, სადაც ნახევარი ოპოზიცია იღებს მონაწილეობას და მეორე ნახევარი მას აგინებს ამ მონაწილეობისთვის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ პრესრელიზი გამოაქვეყნა. პრესრელიზის თანახმად, „ქართული ოცნებისთვის“ დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე დაბრუნებისკენ მოწოდებასთან ერთად, ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ ადასტურებენ სოლიდარობას ქართველი ხალხის და მათი ლეგიტიმური პროევროპული მისწრაფებების მიმართ. ევროპარლამენტარები ასევე აღნიშნავენ, რომ „2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა. შედეგად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში, როგორც უკვე ნაჩვენები იყო ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით“.