„ჩვენ არაერთხელ გვინახავს შეკვეთილი სტატიები, მათ შორის - სააკაშვილის ოჯახის მიერ გადახდილი მილიონები, იგივე „ფარას“ მიერ მხილებაში მყოფი სტატიები, რომელიც არის პირდაპირ საქართველოს გაშავებაზე ორიენტირებული. "ეკონომისტში" გამოქვეყნებული ეს სტატიაც, დარწმუნებული ვარ, იქნება ამის შემადგენელი ნაწილი, როდესაც არც „ქართულ ოცნებას“ და არც ბიძინა ივანიშვილს არაფერი არ ჰკითხეს. - ასე აფასებს "ახალი ძალის" ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი,  ბრიტანული გამოცემა "ეკონომისტის" სტატიას სათაურით "პატიმარი და ოლიგარქი - ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის". 

"ჩვენ კარგად ვნახეთ ბევრი ექიმების დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილს, რასაც ჩვენ ვამბობდით, არაფერი სასიკვდილო არ სჭირდა. თვითონ ქმნის ამ სიტუაციას - დილით ალაგებს მსოფლიო პოლიტიკას, შუადღისას ამ ქვეყნის არჩევნებში ერთვება და საღამოს ამ ქვეყნიდან წასასვლელად ემზადება. ბოლოს და ბოლოს, უნდა გაგვაგებინონ, ეს კაცი ადამიანია თუ უცხოპლანეტელი,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა "კურიერთან".