არ მგონია, რომ გიორგი გახარიას განცხადებები ახლა „ქართული ოცნებისთვის“ იყოს საინტერესო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას რომელშიც ნათქვამია: „ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, „ნაციონალები“ მზად არიან, ევროპული მომავალი გაცვალონ სააკაშვილის თავისუფლებაში, ეს წითელი ხაზები ქვეყნის ეროვნულ ინტერესზე გადის“.
მისი თქმით, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ხარჯზე გაიზარდა და გახდა პოლიტიკოსი.
„არ მგონია, რომ ახლა ამ განცხადებებზე რაიმე სერიოზული კომენტარი იყოს საჭირო, რადგან მას რეიტინგი არ გააჩნია. არ გააჩნია, რადგან ის, ზოგადად, მოვიდა ნულით „ქართულ ოცნებაში“, „ქართული ოცნების“ ხარჯზე გაიზარდა, გახდა პოლიტიკოსი და მერე, როცა დასჭირდა, გავიდა გვერდზე. ეგონა, რომ მოუგებდა „ქართულ ოცნებას“ და ახლა ვხედავთ იმას, რასაც ვხედავთ. არ მგონია, რომ მისი განცხადებები ახლა „ქართული ოცნებისთვის“ იყოს საინტერესო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.