ივანიშვილის და „ოცნების" ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, ეს არის ჩემი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე - რაც არ უნდა მოხდეს, დამაბრალონ, სულ მარტო რომ დავრჩე, ამ ვალს დავაბრუნებ! - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ განაცხადა და პრემიერის პოსტიდან გადადგომიდან ორ წელი შეაფასა.
„18 თებერვალს 2 წელი ხდება, რაც გადავდექი. გადავდექი იმიტომ, რომ იმ გზას მივყავდით უიმედობის/ჩიხურ მდგომარეობამდე, სადაც დღეს ვართ. მაშინ „ოცნება“ ვერ დავარწმუნე, რომ დავშორდებოდით დემოკრატიულ ღირებულებებს და დასავლეთს; დღეს როგორც აღმოჩნდა, სწორედ ეს ყოფილა მათი მიზანი. ამ 2 წლის განმავლობაში, ქვეყანაში ბევრი ცვლილება მოხდა. სამწუხაროდ, უარესობისკენ. დღეს, 2 წლის თავზე სხვა საქართველოში ვცხოვრობთ. ქვეყანაში, რომელსაც სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს უიმედობის გამო. ქვეყანაში, სადაც აღარ დარჩა მმართველი პარტიისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტი, სადაც ყველას, ვინც ევროპული და დემოკრატიული ღირებულებებისთვის ან თავისუფალი აზრისთვის იბრძვის, აგენტის იარლიყს აკრავენ. ამავე დროს, საქართველოს მიეცა უპრეცედენტო შესაძლებლობა - უკვე დღეს და არა ათეული წლის შემდეგ გავხდეთ თანამედროვე ევროპის ნაწილი.
შესაძლებლობა, რომლისთვისაც იბრძოდნენ თაობები და რაზედაც ოცნებობენ ჩვენი შვილები, რომელსაც ვიმსახურებთ და რომლის ფასი ომით რამდენჯერმე გადავიხადეთ. დღეს ეს შესაძლებლობა უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლის შედეგად გაჩნდა.
ამ გადამწყვეტ მომენტში, საერთო ევროპული მიზნის გარშემო გაერთიანების ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილმა, თავისი მარიონეტების მეშვეობით, გახსნა დისკუსია - საერთოდ გვინდა თუ არა ევროპა?! - და ფაქტობრივად უარს გვეუბნება ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან არჩევანზე. უბრალოდ, მას არ უნდა ისეთი ევროპა, რომელიც მის უკონტროლო ძალაუფლებას შეზღუდავს და ავიწყდება, რომ ევროპული მომავლისთვის ქართველ ხალხს სისხლი აქვს დაღვრილი. ერთის მხრივ „ოცნება“ გვეუბნება, რომ ეს სახელმწიფო თურმე ბიძინა ივანიშვილია და ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ივანიშვილის ფული იყოს დაცული. მეორეს მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“ გვეუბნება, რომ ეს სახელმწიფო სააკაშვილია და მისი ჯანმრთელობის და კომფორტის გარდა, სხვა არაფერი არის მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში, ორივე მხარე საქართველოს მომავალს ივანიშვილის ან სააკაშვილის სახელს უკავშირებს
ივანიშვილის და „ოცნების“ ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, რადგან ვერ დავუშვი, რომ ადამიანი, რომელსაც ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა, ჰქონდა ხალხის ნდობა და მხარდაჭერა, რომ საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი ეთამაშა, გადამწყვეტ მომენტში შეგნებულად, თავისი პირადი ინტერესების გამო დადგებოდა ისტორიის არასწორ მხარეს, ამას გააკეთებდა არა თვითონ, ღიად და თამამად, არამედ დამალული, მარიონეტების ზურგს ამოფარებული იმოქმედებდა. ეს არის ჩემი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე. თუმცა დღეს არ არის თავის მართლების დრო, მოქმედების დროა. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დამიძახონ, დამაბრალონ, სულ მარტო რომ დავრჩე, მე ამ ვალს დავაბრუნებ!“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.