ეს სახელმწიფო არც ბიძინაა და არც მიშა. ეს სახელმწიფო არის ქართველი ხალხის, რომელმაც არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს არჩევანი ევროპული მომავალი - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ განაცხადა.
ერთის მხრივ „ოცნება“ გვეუბნება, რომ ეს სახელმწიფო თურმე ბიძინა ივანიშვილია და ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ივანიშვილის ფული იყოს დაცული. მეორეს მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“ გვეუბნება, რომ ეს სახელმწიფო სააკაშვილია და მისი ჯანმრთელობის და კომფორტის გარდა, სხვა არაფერი არის მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში, ორივე მხარე საქართველოს მომავალს ივანიშვილის ან სააკაშვილის სახელს უკავშირებს.
ეს სახელმწიფო არის ქართველი ხალხის, რომელმაც არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს არჩევანი ევროპული მომავალია. ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. ყველაფერს რასაც გავაკეთებთ, უნდა გავაკეთოთ მშვიდობის მიზნით. რა თქმა უნდა, საქართველოს სჭირდება გონიერი, დაბალანსებული და ფრთხილი საგარეო პოლიტიკა. მაგრამ, სინამდვილეში „ოცნების“ ვითომ “მშვიდობიანი" და „ფრთხილი" პოლიტიკა უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყნის მომავალს, დაუცველებს, ნამდვილი მეგობრების გარეშე, გვტოვებს პირისპირ რუსეთთან. სამწუხაროდ, დღეს, საქართველო ერთმანეთზე წაკიდებულ საზოგადოებად იქცა. ახალგაზრდები ქვეყნიდან გარბიან. გარბიან არა მხოლოდ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის, არამედ, პირველ რიგში, უიმედობის გამო. გარბიან ევროპაში, ამერიკაში, იქ სადაც საკუთარ მომავალს ხედავენ. მათ აღარ უნდათ დარჩენა სამშობლოში, რომელიც სულ უფრო სწრაფად ბრუნდება წარსულში.
ამ გამოწვევების ფონზე, იმის ნაცვლად, რომ მეტი ევროპა მოვიტანოთ საქართველოში, ქვეყანა მიექანება წარსულისკენ. სამწუხაროდ, ამაში ჩემი წილი პასუხისმგებლობაც არის.
ივანიშვილის და „ოცნების“ ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, რადგან ვერ დავუშვი, რომ ადამიანი, რომელსაც ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა, ჰქონდა ხალხის ნდობა და მხარდაჭერა, რომ საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი ეთამაშა, გადამწყვეტ მომენტში შეგნებულად, თავისი პირადი ინტერესების გამო დადგებოდა ისტორიის არასწორ მხარეს, ამას გააკეთებდა არა თვითონ, ღიად და თამამად, არამედ დამალული, მარიონეტების ზურგს ამოფარებული იმოქმედებდა. ეს არის ჩემი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე. თუმცა დღეს არ არის თავის მართლების დრო, მოქმედების დროა. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დამიძახონ, დამაბრალონ, სულ მარტო რომ დავრჩე, მე ამ ვალს დავაბრუნებ! - აღნიშნა გიორგი გახარიამ.