მგონი, გიორგი გახარიას განცხადებას არავინ დაიჯერებს, თითქოს ის ითხოვს სააკაშვილის ციხეში გადაყვანას, რადგან ერთი წლის წინ მასთან პოლიტიკურ ქორწინებაში შევიდა და დღემდე ქორწინებაში არიან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გახარიას პარტიას სწორედ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად აქვს შექმნილი უმრავლესობა რამდენიმე საკრებულოში და თავს ერთად მშვენივრად გრძნობენ.

„ამიტომ, ეს კუდი საზოგადოებაში უკვე ძალიან კარგად ჩანს. გახარია „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობას ვერ მოიცილებს, თუმცა მცდელობები ექნება, რადგან როგორც ჩანს, მას და ხაზარაძეს პატრონებმა უთხრეს, რომ ნელ-ნელა „ნაცმოძრაობის“ იარლიყი ჩამოირეცხონ, მაგრამ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიციაში წამყვანი ძალა სწორედ „ნაცმოძრაობა“ იყო. მის გარეშე არც ერთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ, რასაც „ნაცმოძრაობა“ იტყოდა, იმას აკეთებდნენ – გახარიაც, ხაზარაძეც და სხვა რადიკალური ოპოზიცია. ამიტომ, ახლა გახარიას ცრემლების, ვაიმე, საქართველოს რა ვუყოთ და „ნაცებისგან“ როგორ გავათავისუფლოთ, არავის აღარ სჯერა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს.

„მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარმიზნების მისაღწევად, ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა.