საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებით, საქართველო ნებისმიერი მიმართულებით მოწინავე ადგილზეა, არანაირი არგუმენტი არ არსებობს, რომ საქართველო ოდნავ მაინც შეაფერხონ ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს საკითხიც უნდა განიხილონ.
"ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებს. მათივე ინსტიტუტების შეფასებით, საქართველო ნებისმიერი მიმართულებით მოწინავე ადგილზეა. პირველ ადგილზეა კანდიდატებს შორის და ბევრ შემთხვევაში, უსწრებს ევროკავშირის წევრს სახელმწიფოებს. შესაბამისად, მონაცემების საფუძველზე არანაირი არგუმენტი არ არსებობს, რომ საქართველო ოდნავ მაინც შეაფერხონ ევროინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება კარის დახურვას, ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ევროპის საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა, მათ შორის ევროპის წამყვანი ქვეყნების საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა კარი დაუხურა თვითონ ამ ულტრალიბერალურ და ფაშისტურ მიდგომებს. ეს გააკეთა ევროპის საზოგადოებამ და მარტო ჩვენი განცხადებები არ არის, რომ უარი უთხრეს ომის რიტორიკას, ხმა მისცეს მშვიდობას; უარი უთხრეს ლგბტ პროპაგანდას და ხმა მისცეს ტრადიციულ მიმართულებას. ანუ, ყველაფერ იმაზე თქვეს უარი, რის გამოც ჩვენ გვაკრიტიკებენ.
იმედი მაქვს, ევროკავშირშიც დაფიქრდებიან, რომ საქართველო მშვიდობიანად, პატიოსნად დგას ევროინტეგრაციის გზაზე და ტყუილად ნურავინ დააბრალებს, რომ საქართველოს არ უნდა ევროინტეგრაცია. პირიქით, ულტრაფაშისტურ მიმდინარეობებს, რომლებიც, მათ შორის, საქართველოშია, არ სურთ არც ევროპა და არც მშვიდობა. 17 მაისის შემდეგ, რაც საქართველოს საზოგადოებამ რეფერენდუმით უთხრა უარი ოპოზიციას, ნებისმიერი გამოკითხვებით, მათივე კვლევებით, ოპოზიცია განადგურებულია და კოშმარები ესიზმრებათ. სანქციები ესიზმრებათ საქართველოს წინააღმდეგ, რაც არარეალურია. სიმართლე და სამართლიანობა ძალიან ძლიერია. საქართველო დღეს უკვე შედგა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. სანქციები თუ ვინმეს დაადო, მათ შორის ამერიკამ, ეს არის საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე – სანქციები არ დაადეს რუსეთის, ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, გაცილებით მეტს მისცეს ვიზა, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებს. ამიტომ ამ რეალობას როცა შეხედავს ქართული საზოგადოება, ხვდება, ვის უნდა საქართველოსთვის სიკეთე და ვის – არა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.