შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით სხვადასხვა დროს ოთხი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, ეზოს და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, მათ შორის მცენარე „კანაფი“ და „მარიხუანა“.
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ-ერთი დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა განახორციელეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




