გუშინ ერევანში ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას აშშ-სა და სომხეთს შორის. ცოტა ხნის წინ ჩვენ ვიყავით პირველი და ერთადერთი სახელმწიფო რეგიონში, რომელსაც ჰქონდა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. დღეს ჩვენ ვართ ერთადერთი სახელმწიფო რეგიონში, რომელსაც არ აქვს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, რადგან „ქართული ოცნების“ ანტიქართული პოლიტიკის გამო საქართველომ დაკარგა ეს უმნიშვნელოვანესი ბერკეტი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დროს ერევანს და ბაქოს ეწვია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ახლა კი ერევანს ეწვია სახელმწიფო მდივანი, ხოლო საქართველო მოქცეულია სრულ საერთაშორისო იზოლაციაში.
„მაშინ, როდესაც სომხეთმა მოიპოვა 9-მილიარდიანი თავდაცვისუნარიანობის პაკეტი და ახალი მსხვილი ინვესტორების წყალობით ქმნის ათობით ათას ახალ სამუშაო ადგილს, პრორუსული რეჟიმი ანგრევს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პერსპექტივას და უარესად აღარიბებს ღარიბ ერს. მაშინ, როდესაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწიეს ისტორიულ მშვიდობას და ტრამპის სახელობის მშვიდობის და კეთილდღეობის გზას ჩაუყარეს საფუძველი, საქართველო დადგა რისკის წინაშე, დაკარგოს ისტგორიული როლი და რეგიონის ახალმა მთავარმა სატრანზიტო გზამ მას სრულად აუაროს გვერდი, რადგან „ქართული ოცნების“ რეჟიმმა წლების წინ მიზანმიმართულად ჩაძირა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, რითაც აზარალა შუა დერეფნის პერსპექტივა და ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური შანსები. ახლაც „ქართული ოცნების“ რეჟიმი ატყუებს ქართულ საზოგადოებას და ჩვენს პარტნიორებს, როდესაც ამბობს, რომ მისი მიზანია ანაკლიის აშენება. პორტში, სადაც ექვსი წლის წინ პირველი გემები უნდა შესულიყო, არ ხდება არაფერი, რადგან პუტინით შეშინებული ივანიშვილის მიზანია, საქართველოში არ მოხდეს არაფერი დიდი, მნიშვნელოვანი, პატრიოტული და ქართული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმანეტის სურვილი სრულიად ნათელი და მკაფიოა: ამერიკას სურს, ტრამპის სახელობის გზაში მონაწილეობდეს არა ორი, არამედ რეგიონის სამივე სახელმწიფო. ეს არის სწორედ ის, რასაც ამბობს „ლელო“ მთელი ამ დროის განმავლობაში: 1. ანაკლია უნდა გამოცხადდეს ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიულ ობიექტად; 2. ანაკლია უნდა გახდეს ტრამპის სახელობის მშვიდობისა და კეთილდღეობის გზის ნაწილი; 3. ის უნდა აშენდეს გამჭვირვალე კონტრაქტის საფუძველზე, ამერიკული და ევროპული კაპიტალის კრიტიკული ჩართულობით“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.







