გოგიჩაიშვილი ჯანდაცვის მინისტრს: რისი მიღწევა გინდათ, პაციენტი ექიმს აუმხედროთ და ექთანი - ექიმს?!

1580910674
რისი მიღწევა გინდათ, პაციენტი ექიმს აუმხედროთ და ექთანი - ექიმს?! ეს არ არის სწორი, - ასე მიმართა პარლამენტის ფრაქცია " დამოუკიდებელიდეპუტატების" წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მისულ ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს, რითაც საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის შესახებ ისაუბრა.
„ჩემმა ფრაქციამ თქვენი მოსვლის შესახებ საკითხი დააყენა იმიტომ, რომ შინაარსობრივი თვალსაზრისით იქ უფრო საინტერესო იქნება, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თქვენი რეფორმა ეხება.
თქვენ რომ გამობრძანდებით, ძალიან გთხოვთ ხაზი გაუსვათ კონკრეტულად ჩემს კითხვას, ფრაქციის მოთხოვნით, როდის მობრძანდებით ჯანდაცვის კომიტეტზე? ეს, ახლა ძალიან კომფორტული სივრცეა. (კითხვების დასმისთვის) ორ წუთზე მეტის საშუალება არ გვაქვს. ვფიქრობ ძალიან ბევრი კითხვაა ამ მიმართულებით, განსაკუთრებით თქვენს ხედვასთან დაკავშირებით.
მე აქ თქვენი ღია წერილი მიდევს, როდესაც რეაქცია გქონდათ იმ პროტესტთან და წუხილთან დაკავშირებით, რომელიც მოჰყვა თქვენს რეფორმას - 520-ე დადგენილებას. ვფიქრობ, ძალიან ვულგარული ტონი არის იმ თვალსაზრისით, რომ პაციენტის და ექიმის დაპირისპირების რაღაც მცდელობაა. ნორმალურად მიგაჩნიათ თქვენ რომ, თქვენ უნდა წაიყვანოთ ისეთი პოლიტიკა, სადაც ადამიანებს ერთმანეთს დააპირისპირებთ?!
ეს არის ბოლშევიკური სულისკვეთება. ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც შემდეგ რაღაც გმირებად მოევლინებიან. რისი მიღწევა გინდათ, პაციენტი ექიმს აუმხედროთ, ექთანი ექიმს აუმხედროთ?! ეს არ არის სწორი. ჩვენ რეფორმა იმისთვის გვჭირდება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არ ჩამოგვეშალოს ის, რაც შევქმენით. ამ ქვეყანაში არის სფეროები, სადაც რეალური შედეგი დადგა, პროფესიონალიზმი გაიზარდა, მაგრამ თქვენი მიდგომები გრძელვადიან პერსპექტივაში რას უზრუნველყოფს?! ჩვენ გვინდა, რომ თქვენი რეფორმა ხვალ და ზეგ უკეთესი იყოს, ვიდრე გუშინ და გუშინწინ იყო"-ამბობს გოგიჩაიშვილი.