პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორ ირაკლი კუპრავასთან, ქარელისა და ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატ ზაალ დუგლაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლებს ესტუმრა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, ორივე სკოლაში საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად, იფუნქციონირებს ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი.

სკოლები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. მოწყობილია სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.

უზრუნველყოფილია კომპიუტერული ქსელებით, სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემებით.

სრულად განახლებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ, კომფორტულ და უსაფრთხო საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი ახალი სასწავლო წლიდან განახლდება.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლა 300 მოსწავლეზე, ხოლო სოფელ ქვენატკოცის სკოლა 500 მოსწავლეზეა გათვლილი.