განათლების რეფორმა, რომელმაც ქვეყანაში სწავლის ხარისხი უნდა გააუმჯობესოს - მინისტრის, გივი მიქანაძის განმარტებით, შემუშავებული კონცეფციის მიზანია ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების კოორდინირება, კონცენტრირება და გაერთიანება. ჩამოყალიბდება ორი ჰაბი - თბილისი და ქუთაისი, ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის პრინციპით. განათლების მინისტრის თქმით, სწორედ ამ პრინციპს ემსახურება ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანია აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შენარჩუნება. 

გივი მიქანაძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად წარიმართება პროცესი, რომლის ფარგლებშიც მოხდება შესწავლა და ერთმანეთთან შედარება. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსების მაქსიმალურად განაწილება.

"კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ მოხდეს ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების კოორდინირება, კონცენტრირება და გაერთიანება. განსაკუთრებით ეს ეხება ორ ჰაბს, რომელიც კონცეფციის შედეგად ჩამოყალიბდება, ეს არის თბილისი და ქუთაისი, სადაც მოხდება ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში პრინციპის დაცვა.

ამ პრინციპს ემსახურება ის გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის, ორი ყველაზე დიდი ფლაგმანი უნივერსიტეტი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა გაერთიანდეს რეორგანიზაციის საფუძველზე. პროცესები, რომლებიც კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდებ წარიმართება შემდეგი თვეების განმავლობაში, უზრუნველყოფს დეტალურად ყველა პროგრამის შესწავლას და იქ, სადაც გვაქვს მსგავსი პროგრამები ამ უნივერსიტეტს შორის, მოხდეს პროგრამების დადარება, ერთიან კომპონენტად შეჯერება, ადამიანური რესურსების მაქსიმალურად დანაწილება ისე, რომ არც ერთი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი ამ უნივერსიტეტიდან არ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა, მათ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. მოქმედი პოზიციები შენარჩუნებული იქნება და მას დაემატება წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც შემდგომი თვეების განმავლობაში კონკრეტული კრიტერიუმების დაცვით, ღია საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევა და კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ პროფესორებს შეარჩევს.

რაც შეეხება რეორგანიზაციის პროცესს, მას შემდეგ, რაც კანონში ცვლილებები იქნება შეტანილი, რეორგანიზაციის შესაძლებლობა გახდება კანონიდან გამომდინარე, მოხდება დროებითი მმართველი ორგანოს საბჭოს შექმნა, რომელიც მინისტრის ბრძანებით შეიქმნება და ამ საბჭოში პარიტეტის დაცვით თანაბარ უფლებამოსილებით წარმოდგენილი იქნებიან როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სწორედ ისინი, ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, განახორციელებენ რეორგანიზაციას", - აცხადებს გივი მიქანაძე.