რამდენიმე დღეში ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი დღე, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი პოლიტიკის, ჩვენი ქვეყნის შემდგომი ოთხი წლის მნიშვნელობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2024“ სტუმრობისას განაცხადა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს ამომრჩეველს დიდი მადლობა გადავუხადო იმ ნდობისთვის, რომლითაც ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით, ვართ პირველი ხელისუფლება, რომელმაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შევინარჩუნეთ მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ორიენტირებულია განვითარებასა და იმ ისტორიული მიზნის მიღწევაზე, რასაც ევროპულ ოჯახში კუთვნილი ადგილის დამკვიდრება ჰქვია. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც, საზოგადოებასთან ერთად, შეძლო ყველაზე ხელშესახები შედეგების მიღწევა ევროინტეგრაციის გზაზე და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეს გზა აუცილებლად გაგრძელდება და ჩვენ, ერთობლივად, ახლო მომავალში აუცილებლად დავიმკვიდრებთ ადგილს იქ, სადაც ჩვენი ადგილი რეალურად, ყოველთვის იყო და არის, ევროპაში“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეკითხვაზე, რისთვის სჭირდება „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომლის მიღებასაც უმიზნებს, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით აქვს ძალიან რეალისტური ამბიცია, რასაც ამყარებს რეიტინგები და წინასაარჩევნო გამოკითხვები, რომლითაც „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ხოლო რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას, ეს მას ძირეული, უმნიშვნელოვანესი, ქვეყნისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო რეფორმების გასატარებლად სჭირდება ოთხივე მიმართულებით, რათა ქვეყანამ შეძლოს უფრო სწრაფი განვითარება.

„ჩვენ რეალურად ვხედავთ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერას  ლეგიტიმურობას იმ პროცესებზე, რომლებიც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიზნებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ჩვენი მზაობა არის და ჩვენი ხედვა ყოველთვის იყო, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ, საზოგადოებასთან შეთანხმებით განვახორციელოთ კონკრეტული ნაბიჯები და ჩვენ გვაქვს ყველანაირი შესაძლებლობა, უნარი და ძალისხმევა, რომ აღვასრულოთ ის დაკვეთა, რომელიც საზოგადოების უდიდესი უმრავლესობიდან მოდის. ჩვენი მიზანია, საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმატში მე-11 მოწვევის პარლამენტშივე ეს ძირეული ცვლილებები განხორციელდეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.