საზოგადოება ხედავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ამის დამადასტურებელია 11 ოქტომბერს ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშიც, სადაც ეს საკითხი ძალიან პოზიტიურ ჭრილში არის გაჟღერებული. ამის ფონზე ბოლო დღეებში ისტერიული კამპანია დაიწყო, რათა ეს ანგარიში როგორღაც გადაიფაროს და არასწორი აღქმების ჩამოყალიბება მოხდეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ, რადიკალური ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ყალბი პირადობის მოწმობების დამზადებას და ე.წ. კარუსელისთვის მზადებას უკავშირდება.
მისი თქმით, კონკრეტული ოპოზიციური პარტიები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ეწევიან მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას.
„ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც კონკრეტული ოპოზიციური პარტიების, ასევე რიგი ე.წ. ნეიტრალური ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან ხორციელდება მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, სიცრუის ტირაჟირებას ეწევიან ის ადამიანები, ვინც წინა არჩევნებშიც მხილებულები იყვნენ დეზინფორმაციის გავრცელებაში.
გივი მიქანაძის განცხადებით, მათი მიზანი არა 26 ოქტომბრისთვის, არამედ 27 ოქტომბრისთვის მზადებაა.
„ეს არჩევნები მათ წაგებული აქვთ. ეს არის ის რეალობა, რომელსაც თვითონვე აღიარებენ. ისინი ემზადებიან იმ სცენარისთვის, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის არახალია. ისინი ეწევიან კამპანიას ქვეყნის გარეთ და არა ქვეყნის შიგნით და ემზადებიან არა 26 ოქტომბრისთვის, არამედ 27 ოქტომბრისთვის“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.