პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას "ძალიან ზედაპირულს და არადამაჯერებელს" უწოდებს.

26 იანვარს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილზე ცენტრ ემპათიას დასკვნა სარწმუნო და უტყუარი არ არის.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი "ეტლში ზის, ორ ნაბიჯზეც ვერ გადაადგილდება".

"ჯერჯერობით ის, რაც მოვისმინე იყო ძალიან ზედაპირული და ძალიან არადამაჯერებელი ჩემთვის. ძალიან ბევრმა ექიმმა მოაწერა ამ დასკვნას ხელი და იმ ექიმებს მე ძალიან ვენდობი. მარტო ის ხომ არ არის, ჯიშკარიანი?! იქ მთელი ჯგუფი იყო ექიმების, რომლებსაც ძალიან კარგი რეპუტაცია აქვთ.

გვახსოვს, მიხეილ სააკაშვილი როგორ მდგომარეობაში შემოვიდა ამ დაწესებულებაში, ფეხზე იდგა, ნორმალური ადამიანი იყო. ახლა ეტლში ზის და ორ ნაბიჯზეც ვერ გადაადგილდება. გუშინ ძლივს ჩავსვი ეტლში", - თქვა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.