იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განაცხადებით, ლევან სამხარაულის ეროვნული ბიურომ დაასრულა მუშაობა მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ.
როგორც მინისტრმა მედიასთან განაცხადა, ცენტრ "ემპათიას" მიერ გამოტანილი დიაგნოზები, როგორიც არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი.
"ჩვენ მივიღეთ ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროდან 2023 წლის 26 იანვარს დასკვნა რაც მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას. ეს არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები და თამამად უნდა ითქვას, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ "ემპათიას" მიერ გამოტანილი დიაგნოზები, როგორიც არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი. ეს დასკვნა წარედგინება სასამართლოს შესაბამისი წესით და ბუნებრივია, გაგრძელდება შემდგომი მსჯელობა სასჯელის გადავადებასა და მისი შემდგომი მოხდისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოში, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ცნობისთვის, მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვეა მკურნალობის კურსს კლინიკა "ვივა მედში" გადის.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადება ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე სხდომა 27 იანვარს განახლდება.