იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე  მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წამებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. იუსტიციის მინისტრის თქმით, მსგავსი განცხადებები ტყუილია და ამორალურ საქციელს წარმოადგენს.

„სრულიად უსაფუძვლოდ, ამორალურად გვაბრალებენ იმას, რომ ადამიანი (მიხეილ სააკაშვილი) ვაწამეთ და ამის საფუძველზე მას ჩამოუყალიბდა გარკვეული დაავადებები. ეს არ შეესაბამება სიმართლეს, არის ძალიან დიდი ტყუილი და როდესაც სახელმწიფოს გაბრალებენ, ეს არის წითელი ხაზი, რომ ვინმე აწამე. თან ვინ გვაბრალებს? – გვაბრალებს ის, ვინც ციხეში ადამიანებს აწამებდა, და ამ საკითხზე არის არა ერთი, ათეულობით განაჩენი დამდგარი და ამის გამო ადამიანები დღეს სასჯელს იხდიან, ვინც აწამებდა. ეს ჩვენთვის არის წითელი ხაზი და ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ არავის მივცემთ ამის უფლებას და შესაძლებლობას, სახელმწიფოს დააბრალონ მსგავსი ტიპის დანაშაულის ჩადენა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადება ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე სხდომა დღეს, 27 იანვარს 12:00 საათზე განახლდება. 

ხოლო "7 ნოემბრის საქმეში" ბრალდებული ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესი 15  თებერვლამდე გადაიდო.

სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესს ვეღარ დაესწრება, რადგან მას რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები, როგორც ფსიქიატრიული, ისე გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური, არ არის სარწმუნო და უტყუარი და დასკვნა კანონით დადგენილი წესით სასამართლოს წარედგინება.