თუ დამიჭირეს, მე და ჩემი ოჯახი ფსიქოლოგიურად მზად ვართ - არ მეშინია, უკან არ დავიხევ - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„სცენარი, რა სცენარითაც ვითარდება მოვლენები, გაცილებით მძიმეა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. აქ მხოლოდ პირდაპირ ავიამიმოსვლაზე არ არის საუბარი, მე არაერთხელ მითქვამს, ეს იქნება ფიზიკური, მორალური განადგურება, წნეხი ადამიანებზე, შეტევები, დაჭერებიც იქნება დარწმუნებული ვარ. ეს არის მათი სტანდარტული ხერხი მექანიზმი, როგორ დაასუსტოს ოპონენტის ფლანგი. თუ ყველა ოპოზიციური ლიდერი ციხეში ჩასვა, ადამიანებში ამით შიშის დათესვა უნდა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ადამიანებს ვეუბნები, რომ არ შეგეშინდეთ ხალხნო! მაგალითად მე თუ დამიჭერენ, სიმართლე გითხრათ, მეც და ჩემი ოჯახიც ფსიქოლოგიურად ამისთვის მზად ვართ. ჩემს გარშემო, მარტის მოვლენების შემდეგ, ხან რას მოიგონებენ, ხან რას. „ქართული ოცნების“ მხრიდან სიბინძურეს ზღვარი არ აქვს, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ველოდები და ღიად ვამბობ არც ამის მეშინია და უკან არ დამახევინებს, ფსიქოლოგიურად ეს მომენტი გადატეხილი მაქვს ჩემს თავში იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არის დროებითი. საბოლოო გამარჯვება იქნება და ყველა თავისუფალი ვიქნებით“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.