პრეზიდენტს თუ მართლა უნდა, რომ „ოცნებას" გაემიჯნოს, სააკაშვილი უნდა შეიწყალოს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად გადასადგმელი აქვს ნაბიჯი. თუ მართლა უნდა, რომ გაემიჯნოს "ქართულ ოცნებას", ეს უნდა გააკეთოს. სალომე ზურაბიშვილი როცა არ იწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ამით ასრულებს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. ჩვენი პარტნიორების პოზიცია არის, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის რუსეთის ინტერესებში.
მე არ ვარ "ნაცმოძრაობის" წევრი, მაგრამ ყველამ ბოდიში უნდა მოუხადოს "ნაცმოძრაობას", ვინც ცრუ ბრალდებებს ავრცელებდა და დეზინფორმაციულ კამპანიაში იყო ჩართული. პირველივე დღიდან რაც ჩვენ - "სტრატეგია აღმაშენებელმა" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვთქვით, ის მოხდა იმპიჩმენტთან დაკავშირებით. ახლა ყველამ ბოდიში მოუხადოს "ნაცმოძრაობას" ცრუ ბრალდებების გამო. მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის კოჭლი ლეგიტიმაციის პრეზიდენტი, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი პირდაპირი არჩევნებით ახალი პრეზიდენტის არჩევას კი არ ნიშნავს, არამედ ნიშნავს იმას, რომ "ქოცებმა" უნდა აირჩიონ კიდევ ვიღაც სხვა. აბა პირდაპირი არჩევნები იყოს თუ წავიდოდა იმპიჩმენტზე "ქართული ოცნება", ვერც გაბედავდა ამას, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ 2018 წელს ძალადობით, რომ წაიღეს არჩევნები, ეს 2023 წელს აღარ გამოუვათ.
ძალიან მარტივი ტესტია - თუ პრეზიდენტი არ იწყალებს მიხეილ სააკაშვილს, მაშინ ის "ქართული ოცნების" ინტერესებშია, თუ იწყალებს მიხეილ სააკაშვილს, მაშინ ის გადის "ქართული ოცნების" გავლენებიდან", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.