"თუ პრეზიდენტი კარგად აცნობიერებს საკუთარ მოვალეობას, უნდა დააზღვიოს პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან ნებისმიერი ადამიანი საქართველოში, მათ შორის გვარამია და სააკაშვილი, როცა ამისგან დისტანცირებას ახდენს პრეზიდენტი, ის საკუთარ ინსტიტუციას შეურაცხყოფს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„მე მასთან, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუციასთან კითხვა მაქვს, თავად რას აკეთებს იმისთვის, რომ მართლმსაჯულების ეს კატასტროფული პრობლემა რამენაირად მაინც შეამსუბუქოს და ნაკლები წნეხი იყოს ჩვენზე, საქართველოს მოქალაქეებზე და მეტი შედეგი დაინახონ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა? ნულს.

შეუძლია თუ არა პოლიტიზებული მართლმსაჯულების ხარვეზი და პრობლემა გვარამიასთან დაკავშირებით გამოასწოროს პრეზიდენტმა? დიახ, შეუძლია. იმავეს გაკეთება შეუძლია სააკაშვილთან დაკავშირებით, შეუძლია ბევრ საქმეზე იგივე გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ როცა ამას არ აკეთებს, მხოლოდ თითის სხვისკენ გაშვერა არ ნიშნავს სახელმწიფოებრივ მიდგომას პრობლემასთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილზე მე ილუზიები აღარ მაქვს, ის არის ნაწილი ივანიშვილის პროექტის, ამიტომ თუ ივანიშვილი ჩათვლის, რომ მან რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგას, ამ ნაბიჯს გადადგამს. თუ ჩათვლის, რომ არ გადადგას, არ გადადგამს.

როგორ შეიძლება სიტყვიერად ამბობდე, რომ საქართველოში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, აფასებდე სასამართლო სისტემას, როგორც კატასტროფულს და შენ, შენი ერთადერთი მექანიზმის გამოყენების არანაირ შანსს არ ტოვებდე. შენ თუ ნაბიჯს არ დგამ ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად, პრეზიდენტი რა, ექსპერტია, ჟურნალისტია, უბრალოდ რომ აფასებს? ჩვენ მისგან გვჭირდება ქმედება და არა ექსპერტობა და შეფასება“,- განაცხადა  გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ: საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაზიანების დონეზე დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და დიდი იმედი აქვს, ამ შემთხვევაში სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე“.